ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს ვალიკო აბსანძეს აღმკვეთის ღონისძიების სახით 6 ათასი ლარის გადახდა დააკისრა. აბსანძე პატიმრობიდან გირაოს თანხის გადახდისთანავე გათავისუფლდება.პროკურორ დიმიტრი ხვიტიას მიერ დაყენებული შუამდგომლობა, დაკავებულისთვის 7 ათას ლარიანი გირაოს შეფარდების თაობაზე, მოსამართლე შოთა ბიჭიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდებულს 6 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეეფარდა, მისი ადვოკატი დემურ სოტკილავა კი 5 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა.
დემურ სოტკილავას განცხდებით გირაოს თანხის გადახდა სავარაუდოდ დღეს მოხდება.
ვალიკო აბსანძეს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი, 239-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას გულისხმობს და 236-ე მუხლის ი ნაწილით, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო, შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ძიება გრძელდება,წინასასამართლო სხდომა მიმდინარე წლის 12 აგვისტოსაა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვალიკო აბსანძემ 29 ივნისს, ანაკლიაში, განმეორებითი კენჭისყრის დასრულების შემდეგ, გამარჯვების აღსანიშნავად რამდენჯერმე ჰაერში გაისროლა.
მასალის გამოყენების პირობები