ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესთა გამოხატვა მომავალი კვირიდან გამოცხადდება. საერთაშორისო გამოცდილების მქონე საინჟინრო-საკონსულტაციო იაპონურმა კონსორციუმმა - Oriental Consultants Company Limited, რომელიც საპარტნიორო ფონდის დაკვეთით შავი ზღვისპირა აკვატორიაში ახალი პორტის გასავითარებლად კვლევას ახორციელებდა, უკვე დაასრულა მუშაობა და პორტისთვის საუკეთესო ადგილად ანაკლია შეარჩია. როგორც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, პორტი, რომელიც ანაკლიაში აშენდება, შეძლებს მსხვილი გემების (ე.წ. "პანამაქსის") მომსახურებას.
"საერთაშორისო კვლევების მიხედვით საკონტეინერო გადაზიდვების მაჩვენებელი ყოველწლიურად 18 პროცენტით იზრდება, რამაც დღის წესრიგში დააყენა საქართველოში ახალი პორტის აშენების საჭიროება. მითუმეტეს, რომ ჩვენს მოქმედ პორტებს - ბათუმსა და ფოთს პრაქტიკულად ათვისებული აქვთ საკუთარი სიმძლავრეები", - განაცხადა კოვზანაძემ.
ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, მომავალი კვირიდან, ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილეობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება. საპარტნორო ფონდის მენეჯმენტის განცხადებით, ფონდს უკვე გააჩნია ახალი პორტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება, აგრეთვე მისი საწყისი დიზაინი და გენერალური გეგმა.
მასალის გამოყენების პირობები