სტატია
სოციალური ქსელები და დეზინფორმაცია - ვინ და რისთვის იყენებს ანტიდასავლურ გზავნილებს
დეზინფორმაცია არის ცრუ ან არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც საზოგადოების აზრის მანიპულირების თუ პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად იყენებენ. ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ კიდევ უფრო გააადვილა დეზინფორმაციის გავრცელება, რაც დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოსთვის, მათ შორის, საქართველოსთვის.

ფაქტების გადამოწმებაზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების დაკვირვებით, საქართველოში დეზინფორმაცია სხვადასხვა წყაროებით (სოციალური ქსელები, ონლაინ მედია, ტელევიზია და სხვ.) ვრცელდება, თუმცა დღესდღეობით, სხვა სოციალურ ქსელებთან შედარებით, (ტიკ ტოკი, ტელეგრამი და სხვ.), ჩვენს ქვეყანაში ფეისბუკია ყველაზე პოპულარული, შესაბამისად, ყველაზე მეტი ყალბი ამბავი სწორედ ამ სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.

უკვე წლებია ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში რუსული საინფორმაციო ომის ნაწილია. უფრო ხშირად, მისი გამავრცელებლები დეზინფორმაციისთვის იყენებენ ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ქვეყნის დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირებულ სოციალური და პოლიტიკურ თემებს.

"წლების განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ დასავლეთს საქართველოსთვის ცუდი სურდა და ჩვენს საქმეებში უხეშად ერეოდა ან თუნდაც იგივე 2008 წლის ომის საკითხი, როდესაც რუსული მხარე და რუსეთთან დაკავშირებული ჯგუფები საქართველოში, ხშირად აპელირებდნენ, რომ თითქოს ეს ომი დასავლეთის მიერ იყო თავსმოხვეული, ეს რა თქმა უნდა ფაქტობრივად არაზუსტია", - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (Grass) მკვლევარი დეზინფორმაციის საკითხებში.

ის მიიჩნევს, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო მეტი საფრთხის შემცველია, როდესაც მიზანმიმართულად, დაგეგმილად, გარკვეული თანხების მობილიზებით და მხარდაჭერით ხდება, რადგან ამ შემთხვევაში, მას უფრო დიდი გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოქალაქეებზე.

"დაახლოებით, როგორც კოვიდთან დაკავშირებით, მცდარ ინფორმაციას შეეძლო ადამიანის ჯანმრთელობა დაეზიანებინა, ასევე შეუძლია პოლიტიკურ საკითხებზე გავრცელებულ დეზინფორმაციას დემოკრატიის დაზიანება, რადგან შეცდომაში შეყვანილი მოქალაქე, შესაძლებელია, შემდგომ მცდარ გადაწყვეტილებებსაც იღებდეს, მცდარი წარმოდგენები ექმნებოდეს და საკუთარ სიცოცხლესაც კი უქმნიდეს საფრთხეს", - ამბობს მარიამ წიწიკაშვილი.

მისივე თქმით, ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი 2022 წლიდან, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, შეიცვალა მეთოდები, მასშტაბები და პროპაგანდის გამავრცელებელი აქტორები. თუ მანამდე რუსულ გზავნილებს საქართველოში ღია პრორუსული ჯგუფები ავრცელებდნენ, მათ შორის, კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როგორიც იყო "პატრიოტთა ალიანსი", შემდეგში უკვე "ალტ ინფო", როგორც პარტია, ასევე ტელევიზია და უფრო გვიან, ხელისუფლებასთან დაკავშირებული ჯგუფები, "ხალხის ძალა" ან მოძრაობა "ერთიანი ნეიტრალური საქართველო", ბოლო დროს, ამ გზავნილების გამეორება მმართველი პარტიის ლიდერებმა თავად დაიწყეს.

"სადაც, მაგალითად, გვესაუბრებიან კონსპირაციებით, რომ გარკვეულ ძალებს აქვთ გავლენა აშშ-სა და ევროკავშირზე, და თითქოს ეს კრიტიკული განცხადებები, კრიტიკული შეფასებები, გარკვეული ჯგუფის მიერ ინსცენირებულია და თითქოს, სინამდვილეში დასავლეთი ამას არ ფიქრობს ან მოტყუებულია და ვინმემ შეცდომაში შეიყვანა. ამ ყველაფერს კი საარჩევნოდ, კონკრეტული და გრძელვადიანი მიზნები აქვს", - განმარტავს Grass - ის წარმომადგენელი.

თუმცა, როგორც ის ამბობს, დასავლეთის მიერ გაკეთებულ თითოეულ განცხადებაში მკაფიოდ არის მითითებული, თუ რატომ გაუარესდა საქართველოს და პარტნიორებს შორის ურთიერთობები, რატომ შეწყდა და შეფერხდა ამ ეტაპისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, "აგენტების" შესახებ კანონის მიღებამ, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ახშობს ამ ქვეყანაში და ძირითად უფლებებს საფრთხე უქმნის.

ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც ძირითადად, რუსეთის მიერ იყო წარმოებული, ბოლო პერიოდში რამდენიმე მითის გარშემო ტრიალებდა.

"ერთი, ეს იყო ომის შიშების დათესვა , თითქოს რუსეთთან მეგობრობა, არის ერთადერთი გამოსავალი, დასავლეთთან დისტანცია არის საჭირო, იმისათვის, რომ საქართველოს ჰქონდეს ტერიტორიული მთლიანობა, რომ ახალი ომი არ დაიწყოს,", - გვითხრა "მითების დეტექტორის" მთავარი რედაქტორის მოადგილემ მაიკო რატიანმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, სხვადასხვა ტიპის ნარატივები და დეზინფორმაცია ვრცელდებოდა იდენტობაზე, განსაკუთრებით კი ლგბტ თემთან მიმართებით, მათ შორის, იმ მედიების მხრიდან, რომლებსაც პროსამთავრობო სარედაქციო პოლიტიკა აქვთ.

"მთავარი დეზინფორმაციული ნარატივი ის იყო, თითქოს, თუ ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით, ევროკავშირი ჩვენ აუცილებლად მოგვთხოვს იმას, რომ ერთსქესიანთა ქორწინება დავაკანონოთ, რაც არასწორია, ეს ევროკავშირის მოთხოვნებში არ შედის. რა თქმა უნდა ევროკავშირი ჩვენგან ითხოვს, რომ გვქონდეს ადამიანის უფლებები დაცული და უზრუნველვყოთ თანასწორობა, თუმცა ეს კონკრეტული პუნქტი, რომ ქორწინების საკითხებში ჩაერიოს ევროკავშირი, ამას თავის წევრ ქვეყნებშიც არ ახორციელებს, შესაბამისად ეს ტყუილია", - ამბობს მაიკო რატიანი.

"საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" პოლიტიკის მკვლევარი შოთა კაკაბაძე თვლის, რომ ისეთი თემებით მანიპულირება, როგორიცაა იდენტობა და რელიგია, ძირითადად, პოლიტიკური მიზნების გამო ხდება, რომ გაჩნდეს სკეპტიციზმი, წარმოდგენა, თითქოს დასავლეთში ებრძვიან მართლმადიდებლობას, ტრადიციულ ფასეულობებს, თუმცა, მისივე თქმით, ძალიან ადვილია რეალური ფაქტების გადამოწმება.

"მაგალითისთვის მსოფლიო რუკას რომ გადახედოთ, ევროპის კონტინენტი არის ერთადერთი ნაწილი სამყაროში, სადაც პატარა ქვეყნებს აქვთ დამოუკიდებლობა, საკუთარი სახელმწიფო, შენარჩუნებული აქვთ ტრადიციები, ენა და ასე შემდეგ. ევროკავშირის რუკა რომ ნახოთ, მაგალითისთვის, ესტონეთი პატარა ქვეყანაა, სულ მილიონ 300 ათასიანი მოსახლეობაა, კიდევ უფრო პატარა ქვეყნებიც არსებობენ, მაგრამ მათ შენარჩუნებული აქვთ საკუთარი სუვერენიტეტიც, ენაც, დამოუკიდებლობაც, რელიგიული თავისუფლებაც და რუსეთი იყო, რომელმაც შეათეთრა ქართული ეკლესიები, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია გაუუქმა, საერთოდ, საბჭოთა რუსეთი იყო, რომელმაც დაანგრია ეკლესიები, გადაადნო ზარები , მაშინ როდესაც დასავლური ფონდები მიდის იმაზე, რომ აღადგინონ დანგრეული ტაძრები, შეინარჩუნონ და გააძლიერონ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა ", - აღნიშნავს პოლიტიკის მკვლევარი.

რუსული წყაროები და საქართველოში მათი სატელიტები, განსაკუთრებით კი კოვიდ პანდემიის დროს, ასევე აქტიურად ავრცელებდნენ დეზინფორმაციას, საქართველოში მოქმედ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრის შესახებ, რომ თითქოს ლუგარის ლაბორატორიაში ხდება ბიოლოგიური იარაღის შემუშავება და "ამ ლაბორატორიიდან ვრცელდება სხვადასხვა ვირუსები". თუმცა, როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, ლუგარის ლაბორატორიაზე დეზინფორმაცია, მმართველი პარტიის მხრიდან არ გავრცელებულა.

გამომდინარე იქიდან, რომ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით, ფეისბუკი არის ნომერ პირველი ქსელი საქართველოში, ფაქტების გადამოწმებაზე და მითების გამოვლენაზე მომუშავე ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ კომპანია Meta - თან, (Facebook - ის პლატფორმის მფლობელი კომპანია) მესამე მხარის ფაქტების გადამოწმების პროგრამაში, რომელიც მიმართულია დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლებაში.

"ჩვენ შეგვიძლია ყალბი ინფორმაცია ფეისბუკზე მოვნიშნოთ, რომ ადამიანი გაეცნოს რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ფაქტებს, გაეცნოს ალტერნატიულ ინფორმაციას და შემდეგ თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ისევ გააზიარებს თუ არა პოსტს. ვისაც უკვე გაზიარებული ან მოწონებული აქვთ ინფორმაცია, მათ პოსტის მონიშვნის შემდეგ მისდით შეტყობინება, რომ ეს კონკრეტული პოსტი მოინიშნა და ის შეიცავდა, მცდარ ან შეცდომაში შემყვან ამბებს", - განმარტავს "მითების დეტექტორის" წარმომადგენელი.

დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე მკვლევრების აზრით, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების გაუმჯობესების თვალსაზრისით, ბევრი რამ გაკეთდა, ყოველთვის არ არის მარტივი დეზინფორმაციის ამოცნობა. ისინი ურჩევენ სოციალური ქსელის მომხმარებლებს, ისწავლონ ტექსტის კრიტიკული გაანალიზება, დააკვირდნენ წყაროს, დომეინს, ინფორმაციის შინაარსს და იგივე ინფორმაცია გადაამოწმონ სხვა წყაროებში, რათა არ გახდნენ ონლაინ სივრცეში ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციის მსხვერპლი, ან უნებლიე გამავრცელებლები.


სტატია მომზადებულია პროექტის – „საქართველოს ინფორმაციული სანდოობის პროგრამის“ ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია USAID საქართველოს მიერ და მას ახორციელებს კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის. მასალაში გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება არ წარმოადგენდეს დონორის მოსაზრებებს.




Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

,,ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი" მიმდინარე წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და NEET-ახალგაზრდების ციფრული და სამეწარმეო მიმართულებით გაძლიერება".

26 ოქტომბერს, ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაციის “Care კავკასიაში“ საპილოტე პროექტის „ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“ (FFBS) შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. ღონისძიებაზე, რომელიც ასოციაციის „სოფლის მეურნეობის
ქეა კავკასიას პროექტი ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS) მიზნად ისახავდა მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-გონივრული სოფლის მეურნეობის მხარდაჭერით.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
08 / დეკემბერი 2024
ამ წუთებში, ზუგდიდში, საპროტესტო აქციის მონაწილეები, მსვლელობას მართავენ.
08 / დეკემბერი 2024
დღეს, 8 დეკემბერს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ზუგდიდში, აქციის დროს დაშავებულ ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.
08 / დეკემბერი 2024
ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ
ოდაბადეშ კინოხონი
05 / დეკემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.