დღეს,ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელის თენგიზ ჯგუშიას მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე მოწმის სახით „სამეგრელოს ხმის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ბეჟან შანავა დაკითხეს. შანავამ სასამართლოს თენგიზ ჯგუშიასა და მერაბ ქვარაიას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ მოუყვა.მისი თქმით, დაპირისპირების მიზეზი სწორედ, მერაბ ქვარაის გამომწვევი საქციელი გახდა,რაზეც თენგიზ ჯგუშიამ ადეკვატურად უპასუხა.
შეგახსენებთ, რომ ინციდენტი „სამეგრელოს ხმის“ ლიდერ თენგიზ ჯგუშიასა და კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრს მერაბ ქვარაიას შორის 2013 წლის 8 აგვისტოს მოხდა. როგორც ბრალდებული აღნიშნავს,სოფელ რიყეში სადაც სუფრაზე იმყოფებოდა,"უდიერი მოპყრობის" გამო ხელი დაარტყა მერაბ ქვარაიას და სწორედ ამაზეა ხულიგნობის მუხლით საქმე აღძრული. ამის შემდეგ მისივე თქმით, ქვარაია მას მანქანით დაედევნა და თ.ჟგუშიამ მასზე მოსალოდნელი ფიზიკური ანგარიშსწორების საფრთხის თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის განმუხტვის მიზნით ჰაერში ისროლა.
„ჩემი ციხეში ჩასმა იმის გამო უნდათ, რომ ქვარაიას ხელი დავარტყი, ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ნაწილში პროკურატურა ძალიან სუსტად გამოიყურება, რადგან სწორედ იმ დანიშნულებით გამოვიყენე ჩემს მფლობელობაში არსებული იარაღი, რისთვისაც მისი ტარების და გამოყენების უფლება პარლამენტმა მომანიჭა“-აღნიშნავს თენგიზ ჯგუშია.
ყოფილ დეპუტატს ბრალი 239-ე მუხლის მესამე ნაწილით ედება, რაც გულისხმობს ხელიგნობას იარაღის გამოყენებით და 3-დან 7წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თ.ჯგუშია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
მასალის გამოყენების პირობები