პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლიაში მულტიფუნქციური პორტის მშენებლობა იწყება. ამის შესახებ მან პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ანაკლია საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიის და ცენტრალური აზიის ბუნებრივი, ლოჯისტიკური კვანძი გახდება:
"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული ადგილმდებარეობა გონივრულად და ეფექტურად გამოვიყენოთ. ამ პროექტის განხორციელების შედეგად ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაზიდული ტვირთების რაოდენობა. ანაკლიის პორტი სრულიად სხვა სიმაღლეზე აიყვანს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობას ჩვენს რეგიონში და მე დარწმუნებული ვარ, რომ მას აქცევს ლოჯისტიკურ ცენტრად. ასეთ მასშტაბურ პროექტს ვთავაზობთ ინვესტორებს და ვაცხადებთ ინტერესების გამოხატვის პროცედურას პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყველა დაინტერესებულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება დადგენილი წესით შემოიტანოს განაცხადი და გამოხატოს ინტერესი პროექტის განხორციელების მიზნით."
ხელისუფლების გათვლით, პროექტის განხორციელების დაწყებიდან არაუგვიანეს ორ წელში პორტმა ფუნქციონირება უნდა დაიწყოს:
"პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება უამრავი სამუშაო ადგილი, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, განვითარდება ლოჯისტიკის ბიზნესი, რაც გულისხმობს არა მარტო საქართველოში შემოტანილი ტვირთების გადაზიდვას სხვა ქვეყნებში, არამედ ასეთი ტვირთების საქართველოშივე გადამუშავებას და მათთვის დამატებითი ღირებულების მინიჭებას. ხელსაყრელი პირობები შეიქმნება ქართული პროდუქციის ექსპორტისთვის და ამ პროექტის განხორციელების შედეგად ანაკლიაში გაჩნდება ეკონომიკური კლასტერის შექმნის შესაძლებლბოა, რაც გულსიხმობს სატრანსპორტო, ლოჯისტიკური და სამრეწველო საწარმეობის თავმოყრას ერთ გეოგრაფიულ არეალში. ჩვენ უკვე გვაქვს კონსულტაციები არაერთ კომპანიებთან, დაინტერესებულია ჩინეთი, აშშ, ასევე გერმანია. უმსხვილესმა კომპანიებმა უკვე გამოხატეს ინტერესი და პირველ რიგში ეს კომპანიები უნდა პასუხობდნენ ყველა საჭირო კრიტერიუმს."-განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები