სოხუმში დიდების პარკის სამარხიდან ამოღებული ნეშტების ანალიზის ნიმუშების შედარება მოხდება ქართული მხარის დე-ენ-ემის მონაცემებთან, რის საფუძველზეც მოხდება პიროვნებების ამოცნობა და ნეშტები ოჯახებს გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა დავით დარახველიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მინისტრმა განმარტა, ამ შემთხვევაში საუბარია 25 ნეშტზე. გარდა ამისა, კოდორის ხეობასა და ვაზიანში დაგეგმილია სამარხების გახსნა.
"მეხუთე ქართულ-აფხაზურ შეხვედრას ორგანიზებას უკეთებდა საერთაშორისო წითელი ჯვარი, სადაც განიხილებოდა საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხები. ამ შეხვედრაზე აფხაზურ მხარეს ახალი ხელმძღვანელი ჰყავდა. ეს არის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა მინისტრი ზურაბ მარშანი. გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში გაიხსნება ე. წ. ტაიპის ჯგუფის სამარხი სოხუმში, ასევე კოდორის ხეობაში და თბილისთან ახლოს ვაზიანის სამარხები, საიდანაც მოხდება ნეშტების ამოღება, ანალიზი და ამოცნობა. მიღებულია გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ შემდეგი პრიორიტეტი იქნება აჩადარის სამარხის გახსნა, სადაც სავარაუდოდ 44 ქართველი მეომრის ნეშტია განსვენებული. ეს მეომრები 1993 წლის 27 სექტემბერს ბოლომდე იცავდნენ სოხუმში მინისტრთა საბჭოს შენობას", - აღნიშნა დავით დარახველიძემ.
მისივე თქმით, მომავალი შეხვედრა აფხაზურ მხარესთან ექსპერტების დონეზე სექტემბერში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები