საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ვლაქერნას ღვთისმშობლის კვართის დადების დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესასწაულს განსაკუთრებული ზეიმით ზუგდიდში, დადიანების სასახლესთან მდებარე ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღნიშნავენ, რომელიც კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის სახელზეა აშენებული.
წირვაზე დადიანების სასახლის მუზეუმიდან ღვთისმშობლის კვართს და რამდენიმე წმინდანის წმიდა ნაწილს გამოაბრძანებენ და მომლოცველებს სიწმინდეებთან მიახლების შესაძლებლობა ექნებათ. სიწმინდეებს მსვლელობით ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში გადააბრძანებენ.
საზეიმო წირვას ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი მეუფე გერასიმე (შარაშენიძე) ადგილობრივ და სხვა სასულიერო პირებთან ერთად ჩაატარებს.
10-15 წლის წინ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფელი საზოგადოებისთვის უცნობი იყო. საბჭოთა პერიოდის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის ზუგდიდის დადიანების სასახლეში ესვენა. ისტორიული წყაროების მიხედვით, წლების განმავლობაში ის, ძირითადად, ხობის მონასტერში იყო დაბრძანებული.
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორი ვერსია არსებობს. პირველის თანახმად, ის მე-8 საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინეპოლიდან ჩამოიტანეს; მეორეს მიხედვით კი - მე-15 საუკუნეში, კონტანტინეპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წ.) შემდეგ.
ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა. ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. ისტორიული წყაროების თანახმად, საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. 3 დღის შემდეგ უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს და სიწმინდე კვლავ მონასტერში დააბრუნეს.
2000 წელს კვართზე იესო ქრისტეს გამოსახულება გამოჩნდა. მისი დანახვა მხოლოდ კინოობიექტივიდან გახდა შესაძლებელი. ის სტუდია ~მემატიანის" ოპერატორებმა გურამ როგავამ და დავით ასათიანმა აღმოაჩინეს. კონსტანტინეპოლის ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარში, სადაც ყოვლადწმიდა ქალწულის სამოსელი, თავსაბური და სარტყელის ნაწილი ინახებოდა, X საუკუნის შუა წლებში ანდრია სალოსმა ღამისთევაზე ზეციური შუქით გაცისკროვნებული ღვთისმშობელი ანგელოზებისა და წმიდათა დასის თანხლებით იხილა. მას იოანე ნათლისმცემელი და იოანე ღვთისმეტყველი კრძალვით მოაბრძანებდნენ.
ყოვლადწმიდამ მუხლი მოიყარა და ცრემლთაღვრით უფალს საქრისტიანოს დიდხანს ავედრებდა. შემდეგ ტრაპეზთან მივიდა და იქ განაგრძო ლოცვა. ბოლოს კი თავსაბური მოიხსნა და ტაძარში შემოკრებილ მლოცველებს გადააფარა. უბიწო ქალწული ღვთაებრივი დიდებით ბრწყინავდა, თავსაბური კი მის ხელში მზეზე უბრწყინვალესად ელვარებდა.
მასალის გამოყენების პირობები