ნინო ქათამაძე ჯგუფ ”ინსაითთან” ერთად საფრანგეთში ქალაქ ბორდოში მუსიკალურ ფესტივალზე მიემგზავრება. ფესტივალი სახელწოდებით ”მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში” ყოველწლიურად იმართება, წელს კი მას ცნობილი ქართველი მომღერალი ნინო ქათამაძე ეწვევა. ნინო ქათამაძის შემოქმედებას ფრანგი მსმენელი პირველად მოისმენს და ეს 3 აგვისტოს მოხდება. როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული შემოქმედებისა და სიმღერის უცხოეთში გატანას და პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებაში.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ”საზღვარგარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციის პროგრამის” ფარგლებში იმართება.
ფესტივალი ”მუსიკალური ზაფხული ბერჟერაკში” უკვე 26-ედ ტარდება. ის მრავალჟანრობრივ ხასიათს ატარებს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მრავალი ადამიანი ესწრება.
მასალის გამოყენების პირობები