ოსკარის მფლობელი პროდუსერი გილერმო დელ-ტორო ახალ ანიმაციაზე მუშაობს. “სიცოცხლის წიგნი” ეკრანებზე ოქტომბერში გამოვა და მისი რეჟისორი ჯორჯ გუტიერეზი იქნება.
“სიცოცხლის წიგნი” მექსიკური ფოლკლორით გამდიდრებული ანიმაციაა და, ძირითადად, იმ დღეზე მოგვითხრობს, როცა მიცვალებულები საყვარელ ადამიანებთან ბრუნდებიან. დელ-ტოროს თქმით, ის მოხიბლულია რეჟისორის ემოციური კავშირით მექსიკასთან და იმ მტკივნეული და ნოსტალგიური განწყობით, რომლითაც სავსეა ანიმაცია.
“სიცოცხლის წიგნი” მისდევს მანოლოს მოგზაურობას. ის ორადაა გახლეჩილი – ვერ იგებს, ოჯახის მოლოდინის გამართლებისათვის იბრძოლოს თუ გულის ხმას დაუჯეროს. ამასობაში კი ხდება საოცრება და მანოლოს წინ სამი ფანტასტიკური სამყარო იშლება. ის იძულებულია, თითოეულ მათგანში იმოგზაუროს და პირისპირ შეეჩეხოს იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. ბიჭს უამრავი გადაწყვეტილების მიღება და დაბრკოლების გადალახვა უწევს. “სიცოცხლის წიგნი” წარსულისა და მომავლის ერთგვარი გზაგასაყარია.
მთავარ როლებს ახმოვანებენ ზოი სალდანა, ჩანინგ ტატუმი და დიეგო ლუნა. ანიმაციაში გამოყენებულია Radiohead-ის, Mumford&Sons-ის, როდ სტიუარტისა და სხვათა მუსიკალური ნამუშევრები. “სიცოცხლის წიგნის” კომპოზიტორი ოსკარის მფლობელი გუსტავო სანტაოლალაა.
ანიმაციის პრემიერა 2014 წლის 17 ოქტომბერს იგეგმება.
მასალის გამოყენების პირობები