კომპანია Apple-მა უკვე გამოაცხადა, ვინ მიიღებს მონაწილეობას iTunes-ის ფესტივალში, რომელიც ლონდონში სექტემბრის თვეში გაიმართება. წლევანდელი ჰედლაინერები არიან ფარელ უილიამსი, კაილი მინოუგი, Maroon 5, Beck, 5 Seconds Of Summer, ბლონდი, Jungle და დევიდ გუეტა. მათ გარდა, გამოვლენ სხვა შემსრულებლებიც.
უკვე ცნობილია თითოეული მონაწილის გამოსვლის თარიღი. Beck-ი კონცერტს 2 სექტემბერს გამართავს; დევიდ გუეტა ფესტივალს 3 სექტემბერს შეუერთდება; 5 Seconds of Summer 4 სექტემბერს გამოვა; 8-ში რობერტ პლანტის კონცერტია დაგეგმილი; ფარელი ბედნიერ საღამოს 10-ში გამართავს, Maroon 5 კი – 11-ში. კაილი მინოუგი ფესტივალს ოდნავ მოგვიანებით, 27 სექტემბერს შეუერთდება.
iTunes-ის ფესტივალის პირდაპირ ეთერში ყურება ყველა მსურველს შეეძლება Apple-ის სხვადასხვა პროდუქტის დახმარებით. დიდ ბრიტანეთში უკვე ხელმისაწვდომია ბილეთები. მსურველებს მათი მოგება სხვადასხვა რადიო- და ტელეშოუს საშუალებითაც შეუძლიათ.
2007 წლის შემდეგ, iTunes-ის ფესტივალზე 430-ზე მეტი შემსრულებელია გამოსული. მათ შორის არიან: ადელი, პოლ მაკარტნი, კეტი პერი, ლეიდი გაგა, Muse, Coldplay და სხვ. ყველა ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია iTunes-ის სისტემაში.
მასალის გამოყენების პირობები