Facebook-ის კვარტალურ ანგარიშზე ბაზრის პოზიტიური რეაქციის გამო, სოციალური ქსელის 30 წლის უფროსი, მარკ ცუკერბერგი, უფრო მდიდარი გახდა, ვიდრე Google-ის დამფუძნებლები სერგეი ბრინი და ლარი პეიჯი. Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში ცუკერბერგი ახლა მე-16-ე ადგილზეა.
მისი ქონება შეფასებულია $33.3 მლრდ-ად. ლარი პეიჯის ამჟამინდელი კაპიტალი $100 მლნ-ით ნაკლებია, სერგეი ბრინის - $400 მლნ-ით ნაკლები. Facebook-ის დაფუძნებელი ასევე უფრო მდიდარია, ვიდრე Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი.
ახლა, Facebook-ის თითო აქცია $74,98 ღირს. 2014 წლის მეორე კვარტალის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, აქციების ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით, სოციალური ქსელის მოგება გაორმაგდა. 1 წლის განმავლობაში აქციებმა 183%-იანი ზრდა აჩვენა, რამაც Facebook-ი ზრდის ტემპის მიხედვით ლიდერი გახადა წამყვან ამერიკულ ინდექსში, Standard & Poor’s 500-ში შემავალ კომპანიებს შორის.
Mashable-ს მიერ ჩატარებული კვლევით, თუ Facebook-ის თითო აქციის ფასი $200-მდე გაიზრდება, ცუკერბერგი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახდება და $84.7-მილიარდიანი ქონების პატრონ ბილ გეითსაც კი გაუსწრებს.
შეგახსენებთ, რომ მარკ ცუკერბერგის, ისევე როგორც ლარის პეიჯის და სერგეი ბრინის ფორმალური წლიური ხელფასი $1-ია.
მასალის გამოყენების პირობები