ფოთში, ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრში გაეროს ქალთა ორგანიზაცია(UN Women) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის თემაზე ინტერაქტიულ გამოფენას გამართავს. გამოფენაზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე ქართველი ჟურნალისტების, ბლოგერებისა და ფოტოგრაფების მიერ შექმნილ სტატიებს, პოსტებსა და ფოტოებს გააცოცხლებენ.
ნამუშევრების ავტორები ის ჟურნალისტები და ბლოგერები არიან, რომლებიც ქალთა უფლებების საკითხებზე აქტიურად მუშაობენ. წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებენ მსახიობები - ეკა ნიჟარაძე, ონისე ონიანი, ქეთი კანტიძე, ვარლამ კორშია, ზურა ბერიკაშვილი, ანა სანაია და სხვები. ინტერაქტიული გამოფენის რეჟისორი ნინო მაღლაკელიძეა, დრამატურგი - დათო ტურაშვილი, კომპოზიტორი - ეკა მაჭავარიანი. ინსტალაციის ავტორები კი სოფო გასვიანი და დავით დოლიძე არიან.
„ძალადობის ინტერიერი“ პირველად თბილისში, 8 მარტს, გენდერული თანასწორობის კვირეულის ფარგლებში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა. ღონისძიება გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში ტარდება, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით ხორციელდება.
მასალის გამოყენების პირობები