ქრისტოფერ უოლკენი ოფიციალურად დამტკიცდა მაიმუნების მეფედ! საუბარია “ჯუნგლების წიგნის” ეკრანიზაციაზე, რომელიც მაუგლის ისტორიას უკვე მხატვრული ფილმით მოგვიყვება.
დღეს “დისნეიმ” გამოაქვეყნა ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, რომ ოსკაროსანი მსახიობი ახალი სურათის მოქმედ გმირებს შეემატება. ის მაიმუნების მონარქს, მეფე ლუის გაახმოვანებს.
“ჯუნგლების წიგნს” შეუერთდება “ემის” ნომინანტი ჯიანკარლო ესპოსიტოც, რომელსაც უკვე საკმარისი გამოცდილება აქვს “დისნეის” პერსონაჟების განსახიერებაში. ამჯერად ის მაუგლის აღმზრდელ მგელს, აკილას გაახმოვანებს.
უკვე ცნობილია ისიც, რომ ბენ კინგსლი – ბაგირას, ლუპიტა ნიონგო – დედა მგელ რაკშას, იდრის ელბა – შერ-ხანს, ხოლო სკარლეტ იოჰანსონი გველ კაას განასახიერებენ.
ნილ სეთი, რომელიც უკვე ოფიციალურად დაამტკიცეს მაუგლის როლზე, ერთადერთი მსახიობი იქნება, რომელიც ეკრანზე რეალურად გამოჩნდება. ყველა და ყველაფერ დანარჩენზე, ისევ და ისევ, ანიმაციური ეფექტები იზრუნებს.
მასალის გამოყენების პირობები