ის, რომ The Beatles ლეგენდაა და ჯგუფის სიმღერებს დავიწყება არ უწერია, ახალი ამბავი არავისთვისაა. თუმცა, არც თუ ისე ბევრმა ჩვენგანმა ვიცით ის ისტორიები, რომლებიც ჩვენი საყვარელი ნამუშევრების მიღმა იმალება…
“Yesterday” ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, პოპულარული და საყვარელი სიმღერაა, რომელზეც გამორჩეულად ბევრი ქავერია შექმნილი. ნამუშევრის ისტორია შემდეგნაირია: ერთ მშვენიერ დღეს პოლ მაკარტნიმ გაიღვიძა და ჯერ კიდევ თავში უტრიალებდა მელოდია, რომელიც იმ ღამეს ესიზმრებოდა. ის მაშინვე ადგა და, რომ არ დავიწყებოდა, თავისი “სიზმარი” პიანინოზე დაუკრა. ვინაიდან ჯერ ტექსტი დაწერილი არ იყო, მომღერალი მოხარშული კვერცხის ამბავს ღიღინებდა რამდენიმე კვირის შემდეგ, ჯგუფის წევრების დასტურისთანავე, პოლ მაკარტნიმ მელოდიას ტექსტიც შეუსაბამა და საბოლოო სახით ჩამოაყალიბა სიმღერა, რომელიც ყველას გამორჩეულად გვიყვარს.
A Hard Day’s Night
თუ დავარკვირდებით, სიმღერის სათაური არც თუ ისე ადეკვატურია, თუმცა, რინგო სტარი ისედაც არასოდეს გამოირჩეოდა ადეკვატური საუბრით. The Beatles-ის ამ ნამუშევრის სათაურიც სწორედ მისი მოფიქრებულია:
ჯგუფთან ერთად ვიყავი… მთელი დღე ვმუშაობდით! თურმე, ამასობაში, მთელი ღამეც გასულა. მე კი, დარწმუნებული იმაში, რომ ჯერ კიდევ წინა დღე იყო, ჩავილაპარაკე “რთული დღეა…” (It’s been a hard day). ფანჯარაში გავიხედე და რას ვხედავ – გარშემო უკუნეთია! ჰოდა, წინადადება განვაგრძე: “…ღამითურთ!” (…night). ეს უკვე იდეა იყო – სიმღერას “რთული დღის ღამე” (A Hard Day’s Night) დავარქვით.
Because
ისტორია ასეთია: ჯონი სავარძელში იჯდა და უსმენდა, როგორ უკრავდა იოკო ონო პიანინოზე ბეთჰოვენის “მთვარის სონატას”. ლენონი აღფრთოვანდა აკორდების განვითარებით და მეუღლეს სთხოვა, რამდენიმე მონაკვეთი უკუღმა დაეკრა. სწორედ ეს გახდა ახალი ნამუშევრის შთაგონების წყარო. მართალია, სიმღერის მოსმენისას ნაკლებად დაიჭერთ ბეთჰოვენის სონატასთან მსგავსებას, მაგრამ, თუ კარგად დააკვირდებით, “Because”-ში აუცილებლად აღმოაჩენთ ამ ისტორიის კვალს.
Lucy in the Sky With Diamonds
როგორც ჯონ ლენონი ამბობს, სიმღერის ინსპირაცია იყო ის სურათი, რომელიც 4 წლის ჯულიანმა (ჯონის შვილმა) დახატა და რომელზეც გამოსახული იყო მისი თანაკლასელი ლუსი ოდონელი.
Blue Jay Way
Blue Jay Way” ჯორჯ ჰარისონმა დაწერა. სიმღერის სახელწოდება უკავშირდება ქუჩას, რომელიც ჰოლივუდის ამაღლებულ ადგილასაა და Sunset Boulevard-ს გადაჰყურებს. ამ ადგილის პოვნა საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ნისლიანი ღამეა. თავად ჰარისონი იხსენებს:
დერეკმა დარეკა, დამაგვიანდებაო. ვუთხარი, სახლი Blue Jay Way-ზეა-მეთქი. მოვაგნებო, მითხრა და გამითიშა. პრინციპში, შეეძლო ნებისმიერი პატრულისათვის ეკითხა. დიდხანს ველოდი… არ მინდოდა, მანამ დამძინებოდა, სანამ მოვიდოდა. გარეთ საშინელი ნისლი იყო, თანაც, უფრო და უფრო ბინდდებოდა. დრო რომ გამეყვანა და არ ჩამძინებოდა, სიმღერის წერა დავიწყე და მოვყევი, როგორ ვუცდიდი დერეკს Blue Jay Way-ზე. წერის დასრულების შემდეგ, მიმოვიხედე და ორღანი დავინახე. სხვათაშორის, მანამდე არც კი შემიმჩნევია, იქ რომ იყო. ავდექი, ცოტა წავიმუშავე, ვიწვალე და სიმღერაც შეიქმნა…
Happiness is a Warm Gun
სიმღერა სხვადასხვა ერთმანეთისგან განსხვავებული გავლენით შეიქმნა. ეს ერთ-ერთი ყველაზე დაქსაქსული ნამუშევარია კომპოზიციისა და შესრულების მხრივ. ბევრი ამბობს, რომ სიმღერა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების დროსაა დაწერილი. ჯონ ლენონი კი იხსენებს:
ჯორჯ მარტინმა მაჩვენა ჟურნალი, რომლის ყდაზეც ეწერა “Happiness is a warm gun”. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს ფანტასტიკური, გიჟური ფრაზა იყო! “თბილი რევოლვერი” (Warm Gun) ხომ იმას ნიშნავს, რომ მან ახლახან გაისროლა?!
Hey Jude
მას შემდეგ, რაც ჯონ ლენონი სინთია ლენონს გაეყარა, პოლმა “Hey Jude” დაწერა. თავდაპირველად, სიმღერას “Hey Julian” დაარქვა და ის ჯულიან ლენონისათვის, ჯონის შვილისათვის შექმნა, რომელიც ძალიან განიცდიდა მშობლების დაშორებას. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ჯულიანმა კარგა ხანს არ იცოდა, რომ სიმღერა მასზე და მისთვის იყო დაწერილი, ჯონი კი ფიქრობდა, რომ პოლმა ნამუშევარი თავად ლენონს მიუძღვნა. რაც არ უნდა იყოს, ფაქტი ერთია – “Hey Jude” ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ცნობილი სიმღერაა, რომელიც ყველას ეძღვნება, ვინც მას გულით მოუსმენს.
She Came in Through the Bathroom Window
როგორც ამბობენ, სიმღერა დაფუძნებულია იმ შემთხვევაზე, როცა პოლ მაკარტნის ფანები მომღერლის ბაღში შეიპარნენ, სახლის ფანჯრებთან აძვრნენ და პოლის მამის ფოტო გადაიღეს.
მასალის გამოყენების პირობები