ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია სატელეფონო სასაუბრო და საწვავის ლიმიტზე უარს ამბობს. მიქაიამ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ მისთვის განკუთვნილი ყველა სახის ხარჯები გადაირიცხოს ბიუჯეტში და მოხმარდეს სოციალურად დაუცველებს.
„ეს თანხა არაფერი არ არის, მაგრამ მინდა სიმბოლურად მინდა გადაირიცხოს ბიუჯეტში ან მოხმარდეს სოციალურად დაუცველ ქალბატონს გოგოლა მაქაცარიას, რომელიც ავარიულ სახლში ობოლ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მათ სახლი თავზე ენგრევათ,“, - თქვა მიქაიამ სხდომაზე.
ამასთან, მიქაია ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს მიმართავს და სთხოვს ყურადღება მიაქციონ მაქაცარიების ოჯახს, რომელსაც დახმარება საჭირდება.
აღნიშნულ საკრებულოს სხდომაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების ყოველთვიური საწვავის და სატელეფონო ხარჯების ლიმიტი განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარეს ყოველთვიურად 700 ლიტრი საწავავის ლიმიტი ექნება, მოადგილეს- 400 ლიტრის, 750 -750 ლიტრი ექნება საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებს, 420 -ლიტრი საკრებულოს აპარატს , ხოლო საკრებულოს წევრების საწვავის ლიმიტი თვეში 20 ლიტრით განისაზღვრა. საკრებულოს თავმჯდომარის სატელეფონო ლიმიტი თვეში 100 ლარს შეადგენს, მოადგილის -20 ლარით ნაკლებს, წევრების კი 10 ლარს.
მასალის გამოყენების პირობები