ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ზუგდიდის მერიაში ნეპოტიზმის სავარაუდო ნიშნებზე საუბრობს. ის წყაროდ „ლაივპრესის“ სტატიას - „ნეპოტიზმი და პარტიული ნიშნით დანიშვნები ზუგდიდის მერიაში“ იყენებს. რადიო "ათინათი" გთავაზობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ განცხადებას:
"რამდენიმე დღის წინ ზუგდიდის თემის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა ზუგდიდის მერიაში ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. ზუგდიდის მერის ირაკლი გოგოხიას ცოლის მეგობარმა მანანა (ლული) ქიქავამ კი მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, ტურიზმის განვითარების განყოფილების მთავარი სპეციალისტის დროებით მოვალეობის შემსრულებლის პოზიცია დაიკავა.
ლული ქიქავას დანიშვნა ჟურნალისტებთან საუბრისას დაადასტურა ზუგდიდის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა იდა ქვარაიმ, რომელიც ამავე დროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარების სამსახურის უფროსის თენგიზ ქობალიას მეუღლეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მერიამ საჯარო მოხელეთა და თანამდებობის პირთა შერჩევისას პირველ რიგში მათი გამოცდილება, კვალიფიკაცია და დასაკავებელ თანამდებობასთან შესაბამისობა უნდა გაითვალისწინოს. ვინაიდან ზუგდიდის მერიის სტრუქტურული ერთეულების ჩამოყალიბება ახლა მიმდინარეობს, დროებითი მოვალეობის შემსრულებლებად პირები მხოლოდ იმ პოზიციებზე უნდა დაინიშნონ, რომელთა არსებობაც ამ ეტაპისათვის აუცილებლობას წარმოადგენს მერიის გამართული ფუნქციონირებისათვის, სხვა პოზიციებზე კი კონკურსი გონივრულ ვადებში უნდა გამოცხადდეს. როგორც დროებითი მოვალეობის შემსრულებლების შერჩევისას, ასევე – კონკურსის ჩატარებისას, მაქსიმალურად უნდა გამოირიცხოს მოხელეთა შერჩევა ნათესაური ნიშნით ან ამა თუ იმ პირის პარტიული/პოლიტიკური შეხედულებების შესაბამისად. ყოველივე ეს მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ჩვენ მიერ შესწავლილი პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ საჯარო თანამდებობეზე გამოცხადებულ კონკურსთა უმრავლესობაში დროებითი მოვალეობის შემსრულებლები იმარჯვებენ." -ნათქვამია"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები