ხობის რაიონის 9 სოფლიდან ახლადარჩეული გამგებლის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი სოფლის რწმუნებულები სამსახურიდან მათ უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ. სოფლის რწმუნებულები გოჩა ქაჯაიას ღიად უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ხობის გამგებელმა რაიონის ტენდერები საკუთარ ნათესავებზე გადაანაწილა. სამსახურიდან გათავისუფლდნენ:სოფელ ახალსოფლის რწმუნებული რინული ნოდია, შავღელის რწმუნებული ნუგზარ ჭაღალიძე, ხამისკურის რწმუნებული ნანა კაკულია, ჭალადიდის რწმუნებული შორენა გელენიძე, საჯიჯაოს რწმუნებული ავთანდილ კვარაცხელია, პირველი ხორგას რწმუნებული ზაალ ბერაია, თორსას რწმუნებული ფლორა ბუზალაძე, ხობის ქალაქის რწმუნებული ხვიჩა შონია და ნოჯიხევის რწმუნებული გოჩა როდონაია.
“სოფლებში სოფლის პროგრამა ისე ხორციელდება, რომ არც კი უკითხავთ ადგილობრივებისთვის მათ რა სჭირდებოდათ. კონკრეტულ მტკიცებულებებს პროკურატურაში შეტანილ მასალებში ჩავდებთ. რაც შეეხება სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლების საკითხს, ეს იყო უკანონო. ქაჯაია და მისი გუნდი “ოცნების” ქურქში გახვეული “ნაციონალები” არიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის”-აცხადებენ სამსახურიდან დათხოვილი სოფლის რწმუნებულები.
ყოფილი რწმუნებულების ბრალდებებს პასუხობს ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და აცხადებს, რომ ეს არის გაბრაზებული ადამიანის პოზიცია და რასაც ისინი ამბობენ სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება 9 სოფლის რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხობის გამგებელი ამბობს, რომ ეს ახალი კანონის და ახალი რეგულაციების დასაწყისია.
“კანონი ძალაში შევიდა 1 აგვისტოდან. ყველა სოფელში გაუქმდა სოფლის რწმუნებულის სტატუსი და ისინი ამიერიდან იქნებიან გამგებლის წარმომადგენლები. გამომდინარე აქედან, ჩვენ შევარჩიეთ ახალი კადრები, რომლებიც დროებით მოვალეობას შეასრულებენ. რაიმე უჩვეულო და ახალი ამაში არ არის”-აცხადებს გოჩა ქაჯაია.
მასალის გამოყენების პირობები