საქართველოში თხილის წარმოება ბევრი ოჯახისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, განსაკუთღებით დასავლეთ საქართველოში. თხილის მოსავლის დიდი ნაწილი სწორედ დასავლეთ საქართველოში - გურიასა და სამეგრელოში მოჰყავთ, სადაც მისი ფასი წელს საგრძნობლად გაიზარდა: ჩამბარებელ პუნქტებს მოსახლეობა კილოგრამ თხილს 4,80-5,50 ლარად აბარებს, ზოგი ქარხანა კი 1 კგ თხილში 6 ლარსაც იხდის.
გლეხები და ფერმერები ამბობენ, რომ თხილის ფასმა წელს ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენ გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რამ განაპირობა თხილის გაძვირება და საქართველოს იმ რეგიონებში მცხოვრებ ფერმერებს დავუკავშირდით, სადაც ეს კულტურა ხარობს.
დალი დოლიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს და მცირე მეურნეობა აქვს. მისი თქმით, წელს თხილს უხვი ნაყოფი ჰქონდა, მაგრამ უამინდობის გამო მოსავალი სანახევროდ განადგურდა. ძლიერმა ქარმა ჯერ კიდევ ნედლი თხილი ძირს ჩამოყარა, ამას გვალვებიც მოჰყვა, რის გამოც თხილის მოსავალი თითქმის განახევრდა. როგორც ქალბატონი დალი ამბობს, თხილის გაძვირება სწორედ მოსავლის სიმწირემ განაპირობა. მისი თქმით, ჩოხატაურის რაიონში კილოგრამ თხილს ახლა 4,80 ლარად იბარებენ.
ჯაბა ჭეიშვილი ასოციაცია ”ელკანას” მრჩეველია გურიის რეგიონში. ამავე დროს, თხილის პლანტაციები აქვს ოზურგეთის რაიონში, სოფელ მაკვანეთში.”ახლა ოზურგეთში, შერეულ თხილს (სხვადასხვა ხარისხის ერთად), კილოგრამს 4,50 ლარად იბარებენ, კარგი თხილი კი - 5,10 ლარი ღირს. ზუგდიდში კიდევ უფრო ძვირია - 5,20 ლარი, ხოლო საუკეთესო ხარისხის თხილის ფასი 5,50 ლარსაც აღწევს. რამ გამოიწვია თხილის გაძვირება? - იმან, რომ მოსავალი ცოტაა როგორც საქართველოში, ასევე თურქეთშიც. გურიაში წელს, 30 მარტს თოვლი მოვიდა, მერე 3-4 დღის განმავლობაში თოვლი და ყინვა იყო, რის გამოც მოსავალი დაზიანდა. ამის შემდეგ თხილი ქარიშხალმა ჩამოყარა ხეებიდან, ცოტა დარჩა და ფასიც ამით არის განპირობებული. მართალია, თხილის ფასს მთელ მსოფლიოში თურქეთი განსაზღვრავს, მაგრამ არახელსაყრელი ამინდების გამო წელს მოსავალი იქაც ცოტაა. ოზურგეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა უკვე დაასრულა თხილის აღება და ამჟამად მისი რეალიზაციით არის დაკავებული.ჩვენთან თანამედროვე ტექნიკის გამოყენება იშვიათია და ფერმერები თხილის პლანტაციებს თავისი ძალებით აშენებენ. ამიტომ არა აქვთ იმხელა ფართობები, რამდენიც უცხოეთში - ევროპაში ან ამერიკაში გვხვდება. დასავლეთის მოწინავე ქვეყნებში 1 ჰექტარ პლანტაციაზე ლაპარაკი სასაცილოდაც არ ჰყოფნით, რადგან იქ ფერმერს თხილი 30, 50 და 100 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ჩემი თვალით მინახავს აშშ-ში, ორიგონის შტატში, ათას ჰექტარზე გაშენებული თხილის პლანტაცია, რომელიც ერთ ფერმერს ეკუთვნოდა. იქ თხილს ტრაქტორი კრეფდა, არჩევდა და აშრობდა. აქვე უნდა ვთქვა, რომ ჩვენი თხილი - ქართულიც და თურქულიც, მსოფლიოში ყველას სჯობს ცხიმიანობით და გემოთი, ამიტომაც მოსწონთ”,- ამბობს ჯაბა ჭეიშვილი. მისი თქმით, თხილის პლანტაციებს დასავლეთ საქართველოში ახლა ბევრი აშენებს, რაც მომავალში მოსავლის რაოდენობაზეც აისახება.
ალექსანდრე მოწერელია, საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე: ”ცნობილია, რომ მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასს თურქეთი განსაზღვრავს. ამიტომ, როდესაც თურქეთში მოსავალი ცოტაა, თხილის ფასი ყველგან იზრდება. სწორედ ამან განაპირობა, რომ წელს თხილი საკმაოდ გაძვირდა. გეოგრაფიულად ჩვენ არც ისე შორს ვართ თურქეთისაგან, ამიტომ მოსავალზე იქაც ისევე იმოქმედა ცუდმა ამინდმა, როგორც - ჩვენთან. უამინდობის გამო საქართველოში იმდენი თხილიც არ მოვიდა, რამდენიც შარშან იყო. ჩვენს ქვეყანაში თხილზე მოთხოვნა ყოველ წელს უფრო მეტია, ვიდრე მისი წარმოება. წელს, კლიმატურმა პირობებმაც ხელი შეგვიშალა, რამაც თხილის დეფიციტი წარმოშვა, ფასების ზრდაც ამან განაპირობა. მოსავალი ცოტაა ყველგან, სადაც თხილი მოდის: გურიაში, სამეგრელოშიც და კახეთშიც, თუმცა, კახეთი თხილის ფასზე დიდ გავლენას ვერ ახდენს, რადგან იქ თხილი მცირე რაოდენობით მოჰყავთ. ახლა ყველაფერი თურქეთზეა დამოკიდებული: თუ თურქეთში ფასების კლება დაიწყება, არ არის გამორიცხული, რომ ფასი ჩვენთანაც დაეცეს, თუმცა უკვე გითხარით, რომ მოსავალი იქაც მწირია.
ჩვენთან თხილი ადრე შემოვიდა, თურქები კი ახლა იწყებენ მოსავლის აღებას. თხილის გულის შარშანდელ და წლევანდელ ფასს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. თხილის გულისა იმიტომ, რომ ექსპორტიორები ძირითადად სწორედ თხილის გულის ფასს ანგარიშობენ, რომელიც საშუალოდ 4 დოლარით არის გაზრდილი: ქართული თხილის გული შარშან 5,50 ლარი ღირდა, წელს კი - დაახლობეით 9,40 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამხელა ფასის გადახდა კი მსოფლიო ბაზარზე ყველას უჭირს”.
გაძვირებული ფასი კი ყველაზე მეტად გლეხისთვის არის ხელსაყრელი, რადგან შემცირებული მოსავლის პირობებშიც კი შეუძლია, კარგი შემოსავალი მიიღოს.
www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები