“22 Jump Street” იდეალური საზაფხულო და საპოპკორნე ფილმია. ჩენინგ ტატუმისა და ჯონა ჰილის შეუდარებელი წყვილი ამჯერად კოლეჯს სტუმრობს. ფილმი თავიდან შედარებით “მდორედ” მიდის, მაგრამ ნელ-ნელა ჯენკო და შმიდტი ეშხში შედიან და სწორედ აქედან იწყება გაუჩერებელი სიცილიც.
“22 Jump Street” ფილ ლორდის და კრისტოფერ მილერის უკვე მეორე წარმატებული ფილმია 2014 წელს. პირველი “Lego Movie” იყო, რომელმაც მაყურებლის და კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. იმედი დავიტოოვთ, რომ მომავალში ასე გააგრძელებენ და ბევრ კარგ ფილმს შემოგვთავაზებენ.
რაც შეეხება თავად “22 Jump Street”-ს. ფილმში გაშარჟებულია ე.წ. “Buddy-cop” სტილის ფილმებით დამკვიდრებული ყველა სტერეოტიპი. ჯენკო და შმიდტი კოლეჯის სტუდენტების როლს ირგებენ (რაც თუ გავითვალისწინებთ მათ “ზრდასრულობას”, არც ისე უჭირთ) და ახალი გამოჩენილი ნარკოტიკის, “WhyPhy”-ის შემქმნელის ძებნას იწყებენ. თუ პირველ ფილმში ტატუმის პერსონაჟი აღმოჩნდა გიკ, სათვალეებიან მოსაწვლეებთან და ჯონა ჰილი “კარგ ტიპებთან” ერთობოდა, ამჯერად მათ ადგილები გაცვალეს და ჯენკომ ფაქტობრივად მეორე ნახევარიც იპოვა ზუკის სახით.
ერთ-ერთი ყველაზე გენიალური ნაწილი შმიდტის “Shame walk”-ია. ეს ტერმინი აღნიშნავს იმ გზას, რომელიც საკუთარ ოთახამდე უნდა გაიარო კოლეჯის კამპუსში, გუშინდელ ტანსაცმელში გამოწყობილმა, მოწესრიგებელმა , ხელში ფეხსაცმელი უნდა გეჭიროს და ნაბახუსევზე თავიც უნდა გისკდებოდეს. სტერეოტიპის მიხედვით, ამ გზას 99% შემთხვევაში გოგოები გადიან, თუმცა ამჯერად მათ ჯონა ჰილიც შეუერთდა და ფილმის ბოლოს უკვე იმდენჯერ ჰქონდა ეს გზა გავლილი, რომ გვერდით მიმავალ ყველა დარცხვენილ გოგოს სცნობდა.
ფილმის მეორე ნაწილში ჯენკოს და შმიდტის ურთიერთობა ფუჭდება და მაყურებელსაც გული უჩუყდება ისეთ ფრაზებზე, როგორიცაა “Maybe . . . maybe we should just investigate different people”. ამის მიზეზი ძირითადად ამერიკული ფეხბურთი და ჯენკოს ახალი მეგობარი ზუკია. ისინი ერთმანეთის ფრაზებს ამთავრებენ, ერთად ვარჯიშობენ, თამაშობენ და საწყალი შმიდტი ბოღმისგან კიდევ უფრო სუქდება. მისი ცხოვრება ისედაც რთულია, რადგან Ice Cube არც ისე ბედნიერია იმ შმიდტის და თავისი გოგონას ურთიერთობით.
ფილმის სიუჟეტი “21 Jump Street”-ისგან დიდად არ განსხვავდება. ეს თავად ფილმის შემქმნელებმაც იციან, მაყურებელმაც იცის და მაინც ყველაფერი შესანიშნავია და ამაზე დიდად არავინ ნერვიულობს. თუმცა განსხვავებული იყო და ცალკე კომედია იყო ფილმის end credits. რეჟისორებმა გვაჩვენეს რამდენი განსხვავებული და სასაცილო გამოძიება შეიძლება ჩაატარონ ერთად ჯენკომ და შმიდტმა. (რომელიც ალაგ-ალაგ საეჭვოდ ემგვანება სეთ როგენს)
დაველოდოთ და ვნახოთ, შეიცვლის თუ არა დუეტი მისამართს და მივიღებთ თუ არა შედეგად “23 Jump Street”-ს.
მასალის გამოყენების პირობები