განმუხურის ხიდთან შეკრებილი მრევლი, რომელიც დღეს დილიდან "კაზანტიპის" საწინააღმდეგო აქცია-მსვლელობას მართავს, ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევა. ისინი მედიის წარმომადგენლებს ფოტოებს უღებენ, აცხადებენ, რომ ჟურნალისტები შავრაზმელთა ბანდის წარმომადგენლები არიან და ცდილობენ პროვოკაცია შეიტანონ დღევანდელ მშვიდობიან აქციაში.
ისინი ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ "საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მოუვათ". აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ ერთ-ერთი ჟურნალისტის ჩაცმულობა და ვარცხნილობა არ მოეწონათ.
აქციის მონაწილეები ანაკლიაში "კაზანტიპის" ღონისძიების ჩატარებას აპროტესტებენ. სასულიერო პირები მრევლს ზნეობის დაცვისკენ მოუწოდებენ. მათ თან აქვთ პლაკატები წარწერით - "ნუ გადავაქცევთ საქართველოს სოდომ-გომორად", "ვთხოვთ ხელისუფლებას, არ დაუშვას გარყვნილების ქადაგება", "კაზანტიპი გარყვნილებაა".
მსვლელობაში არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებიც მონაწილეობენ, რომლებიც აცხადებენ, რომ სამარცხვინოა, როცა სახელმწიფო პროსტიტუციას უჭერს მხარს.
ამ დროისთვის აქციის მონაწილეები განმუხურის ხიდდთან არიან შეკრებილი. ხიდზე გადასვლის საშუალებას მათ პოლიცია არ აძლევს. სწორედ ხიდის იქით არის ტერიტორია, სადაც ”კაზანტიპი” ასევე უნდა გაიმართოს და იქ ახლა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები