ინტერნეტსივრცეში ახალმა ინფორმაციამ გამოჟონა. ყველაფერი კი ჯულიეტ ბინოშისა და კრისტენ სტიუარტის ერთობლივი ფოტოსესიით დაიწყო. გერმანულ ჟურნალში “ინტერვიუ”, რომლის მომდევნო ნომერიც სექტემბერში გამოდის, საინტერესო ფოტოები იბეჭდება. მათზე ზემოთ აღნიშნული ორი ლამაზმანი სველი თმითა და მუქი მაკიაჟით არიან აღბეჭდილნი. ჰედლაინი კი მათი გარეგნობის შესაბამისია: “ექსკლუზიური. ველური. გლამურული.”
როგორც ჩანს, მათი ერთობლივი ინტერვიუ ახალ ფილმს უკავშირდება, რომელშიც ეს უკანასკნელნი ერთად შეასრულებენ მთავარ როლებს. ბინოში აღიარებს, რომ მან ახლიდან აღმოაჩინა კრისტენი და მისი ნიჭი, როცა მასთან ერთად ითამაშა ახალ სურათში:
კრისტენი, რა თქმა უნდა, მაშინვე დავგუგლე, როგორც კი გავიგე, რომ მასთან ერთად თამაში მომიწევდა. აუცილებელია იცოდე, ვისთან გაქვს საქმე. ვუყურე “On The Road”-ს და “Twilight”-საც გადავხედე. თუმცა, უნდა ვაღიარო, თავდაპირველად კრისტენს მხოლოდ ჩემი ქალიშვილის ოთახში გამოკრული პოსტერებიდან ვიცნობდი… ის ჩემთვის აღმოჩენაა…
რაც შეეხება უშუალოდ ახალ ფილმს, სტიუარტი ჯულიეტის ასისტენტის როლს ასრულებს. სურათის სათაურია “სილს მარიას ღრუბლები” (“Clouds of Sils Maria”). მათი ურთიერთობა პლატონურ-რომანტიკულია. ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო ხდება, როცა სცენარში ქლოი გრეის მორისიც შემოდის.
ფილმის პრემიერა საფრანგეთში ამ კვირაში გაიმართება. მსოფლიოს კინოეკრანებზე კი “სილს მარიას ღრუბლებს” პირველ დეკემბერს ვიხილავთ.
მასალის გამოყენების პირობები