სულ ცოტა ხანია, ინტერნეტსივრცეში ახალი „ვირუსი“ გავრცელდა – ყინულიანი წყლის თავზე გადასხმა და სხვა ადამიანების გამოწვევა, ჩაიდინონ იგივე საქციელი. სოციალური ქსელის ბევრმა მომხმარებელმა არ იცის, სინამდვილეში რას ნიშნავს ის, რომ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი ამას ბედნიერად აკეთებს და მათ შორის ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი და ვარსკვლავია…
ყველაფერი ასე დაიწყო: ბოსტონის კოლეჯის კურსდამთავრებულმა პიტ ფრეიტსმა თავზე საჯაროდ გადაისხა ყინულებით სავსე წყალი, რათა აემაღლებინა ცნობადობა თავისი ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადების, ნეიროდეგენერაციის შესახებ და ხალხისათვის მოეწოდებინა, მის მსგავსად დაავადებულ ადამიანებს ფულით დახმარებოდნენ. პიტი ვერც წარმოიდგენდა, რომ მისი მოქმედება ამდენ ადამიანს „გადაედებოდა“ და მის გვერდით მთელი მსოფლიო დადგებოდა. ყველამ, ტეილორ სვიფტის, ლეიდი გაგასა და ჯასტინ ტიმბერლეიკიდან დაწყებული, რობერტ დაუნი უმცროსის, კერი ვაშინგტონისა და ვინ დიზელით დამთავრებული, საჯაროდ გადაისხა თავზე ყინულიანი წყალი და თან კონკრეტული ადამიანები გამოიწვია. თამაშის წესი კი ითვალისწინებს, რომ თუ დასახელებული პიროვნება გამოწვევას არ უპასუხებს, ის იძულებული გახდება, ALS-ის საქველმოქმედო ფონდში კონკრეტული თანხა გადარიცხოს. ამ საოცარ კამპანიას ოპრა უინფრი და სხვა საკმაოდ გავლენიანი ადამიანებიც შეუერთდნენ. New York Times-ის ინფორმაციით, ALS-ის ასოციაციაში უკვე 13.3 მილიონ დოლარზე მეტია შესული და ეს მონაცემი მხოლოდ 29 ივლისიდან დღემდე პერიოდს ეხება. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ეს მაჩვენებელი მხოლოდ და მხოლოდ 1.7 მილიონს შეადგენდა. შესაბამისად, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიტის გამოწვევამ საოცრად დიდი შედეგი გამოიღო და მსოფლიოს თითოეულ ადამიანს საშუალება მიეცა, ქველმოქმედებაში ჩაერთოს და დაეხმაროს ნეიროდეგენერაციით დაავადებულ თანადედამიწელებს.
მასალის გამოყენების პირობები