საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგენკო ზუგდიდში მედიკოსებს შეხვდა და მედიკამენტების ახალი რეგულაციის შესახებ ესაუბრა. თავის მხრივ, მედიკოსებმა ჯანდაცვის მინისტრს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.
დავით სეგეენკოს თქმით, რეცეპტის გარეშე მედიკამენტების თვითნებურად მიღება ადამიანის ჯანმრთელობას სერიოზულ ზიანს აყენებს. ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა მედიკოსებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ის ბევრჯერ შესწრებია ახალგაზრდებს, რომლებიც აფთიაქში ყიდულობდნენ ისეთ მედიკამენტებს, რომლებიც არ იყო თერაპიული დანიშნულების და რომელსაც ნარკოტიკული თრობისთვის იყენებდნენ. მისივე თქმით, აქედან გამომდინარე აუცილებელი იყო ახალი რეგულაციების შემუშავება.
რეცეპტებთან დაკავშირებით, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ექიმის მიერ ერთხელ გამოწერილი რეცეპტი ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ის მრავალჯერადი დანიშნულებისაა.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რეცეპტების გამოწერის უფლება აქვს ყველა სერთიფიცირებულ ექიმს, მათ შორის ოჯახის ექიმსაც.
ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკაზე, რომელიც მედიკამენტების გაყიდვების ახალ რეგულაციას შეეხება და აღნიშნა, რომ თუ მათ ჰქონდათ კითხვები და შენიშვნები საპარლამენტო განხილვებში უნდა მიეღოთ მონწილეობა.
ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში მომუშავე მედიკოსების კითხვებსაც უპასუხა და შეხვედრის დასასრულს ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ ის საკმაოდ ინფორმირებულ მედიკოსებს შეხვდა და მათ მხოლოდ რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა ჰქონდათ.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ერთ-ერთი იმ ციკლიდან, რომელიც რეგიონებში ვიზიტს ეძღვნება. სამედიცინო საზოგადოებას, ვისთანაც დღეს მქონდა შეხვედრა, ძალიან კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული ძირითადი მოცემულობა, ისინი კარგად ერკვეოდნენ რეცეპტებთან დაკავშირებულ დეტალებში. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ სამეგრელოს სამედიცინო საზოგადოება რეცეპტების თემას სრული გაგებით შეხვდა და ვფიქრობ ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავის მხრივ, ექიმებმა, მედიკამენტების ახალი რეგულაცია დადებითად შეაფასეს და აღნიშნეს,რომ ისინი მთავრობის ახალი ინციატივით კმაყოფილები არიან.
„შეხვედრა იყო ნაყოფიერი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ეს ყველაფერი ელექტრონულად გადმოგზავნილი გვქონდა. მაგრამ უშუალად მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ გამოიკვეთა და უფრო გასაგები გახდა. რაც შეეხება ზოგადად რეცეპტებს, ეს ძალიან კარგია. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევა, როდესაც პაციენტი მოსულა, რომელსაც ანტიბიოტიკების მთელი არსენალი ჰქონია გაკეთებული. მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო“, - უთხრა რადიო „ათინათს“ - ზუგდიდის ონკოლოგიური ცენტრის დიქრექტორმა ნონა ფიფიამ.
ცნობისთვის, მედიკამენტების გაცემის ახალი რეგულაციები სექტემბრიდან ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები