სენაკის ბაზარში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მეორე დღეა მართავენ. მათ ზარალის ანაზაღაურების მოთხოვნით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზა ნახევარი საათით გადაკეტეს. ბაზრის მოვაჭრეები ხელისუფლებისგან მეტ ყურადღებას ითხოვენ. მოვაჭრეების განცხადებით,თუ ხვალ ისინი ცენტრალური ხელისუფლებისგან რაიმე კონკრეტულ პასუხს არ მიიღებენ, მათი პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით, აქციები გაგრძელდება. ისინი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩამოსვლას და მათთან შეხვედრას ითხოვენ,წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვით იმუქრებიან.
ნახევარსაათიანი პიკეტის შემდეგ აქცია დაიშალა. მოლაპარაკებებს მოვაჭრეებთან სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე აწარმოებდა,რომელიც მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან შუამდგომლობას დაპირდა და ასევე პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილთანაც.
პარალელურად ბაზრობაზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები,რომლებშიც ჩართულები არიან სამხედროები და გამგეობის თანამშრომლები. მოვაჭრეები ამბობენ,რომ მათ საგამოძიებო უწყებებმა დააწერინეს განცხადება მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
სენაკის ბაზარში ცეცხლი 25 აგვისტოს 21:00 საათისთვის გაჩნდა, რომელმაც 3 ათას კვადრატულ მეტრამდე ტერიტორია გაანადგურა. დამწვარია 250-მდე მოვაჭრის საქონელი. ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების ყველა სახანძრო სამსახურმა მიიღო.ბაზრის მფლობელია, სენაკის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე და კოალიცია „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი მურად შამათავა,რომლიც აცხადებს, რომ არსებობს გონივრული ეჭვი ხანძრის მიზანმიმართულად გაჩენის შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები