ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი კახა მიქაია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს და აცხადებს, რომ სამეგრელოში სამთავრობო რეფორმები არ განხორციელებულა. მისივე თქმით, ზუგდიდში მოქმედი თანამდებობის პირები ყოფილი „ნაციონალები“ არიან და მათ ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებიც კი არასოდეს გაუკეთებიათ. ამის შესახებ მიქაიამ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე ისაუბრა.
„ზუგდიდის გამგეობაში თითქმის ყველა არის ყოფილი "ნაციონალი". რაც შეეხება მერიას და საკრებულოს, ქალაქში ასე ხუმრობენ: ჩემი ცოლის დაქალებით აივსო საკრებულო და მერიაო. მე ამაზე ვაკეთებ აქცენტს, ამას ლაპარაკობს საზოგადოება“, - თქვა კახა მიქაიამ.
კახა მიქაია ასევე შეეხო ზუგდიდის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ხათუნა დარასელიას დანიშვნის საკითხს. მიქაია დარასელიას თანმდებობიდან გათავისუფლებასა და მისი დირექტორობის პერიოდში გათავისუფლებული მასწავლებლების სამსახურში აღდგენას მოითხოვს.
„დარასელიას დირექტორობის დროს უსამართლოდ გათავისუფლებული მასწავლებლების უმრავლესობა დღესაც არ მუშაობს, დარასელია კი კულტურის სფეროს წარმართავს ზუგდიდში“, - ამბობს მიქაია.
კახა მიქაიას განცხადებებს არ უპასუხეს ზუგდიდის მერიაში. ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია კი ამბობს, რომ ის საკუთარი წარსულით ამაყობს.
„რაც შეეხება დანიშვნებს, შესაძელებლია საზოგადოების გარკვეულ წრეებში არსებობდეს კითხვის ნიშნები და უკმაყოფილება , თუმცა სულ მალე გამოცხადდება საატესტაციო-საკონკურსო გამოცდები და ყველას მიეცემა შესაძლებლობა გამოვალინოს საკუთარი შესაძლებლობები“, - აცხადებს მერაბ ქვარაია.
მასალის გამოყენების პირობები