BBC-ის ცნობით, არგენტინაში გიგანტური დინოზავრის ძვლები იპოვეს. მეცნიერების ვარაუდით ეს აქამდე აღმოჩენილი ხმელეთის ყველაზე დიდი არსებაა. ნაპოვნია მნიშვნელოვანი ძვლები 70%-ზე მეტი რაც გიგანტური არსებაზე სრული წარმოდგენის საშუალებას იძლევა. Dreadnoughtus schrani-ის სიგრძე თავიდან კუდის წვერამდე 26 მეტრი იყო, ხოლო მისი წონა 60 ტონას აღწევდა და Boeing 737-ზე 20 ტონით მეტს იწონიდა. მეცნიერთა აზრით, დრედნოუტი (ითარგმნება როგორც უშიშარი) სიკვდილის მომენტში მოზარდი იყო და 77 მილიონი წლის წინ მომხდარი კატასტროფის შედეგად დაიღუპა. ზრდასრული დრედტოუნის ზომები მეცნიერთათვის კვლავ უცნობია.
აღმოჩენის დეტალები გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში Scientific Reports. გათხრებს ხელმძღვანელობდა ფლორიდის დრექსელის უნივერსიტეტის პროფესორი კენეტ ლაკოვარა. მისი თქმით აღმოჩენილი დინოზავრის ზომები მართლაც შემზარავი იყო და სწორედ ამიტომ მას მიანიჭეს სახელი დრედტოუნი (მე-20 საუკუნის დასაწყისში გიგანტური საბრძოლო გემები). „Dreadnoughtus იმდენად უზარმაზარი იყო, რომ მას ზიანს ვერაფერი მიაყენებდა, მას არანაირი თავდასხმის არ ეშინოდა“ - განაცხადა კენეტ ლეკოვარმა BBC-ისთან ინტერვიუში.
Dreadnoughtus schrani ტიტანოზავრების სახეობას მიეკუთვნება. ასევე შედარებით ახალი აღმოჩენილი კიდევ ერთი ტიტანოზავრი, არგენტინოზავრი, დრედტოუნზე ოდნავ პატარა იყო. მეცნიერთა აზრით ორივე ზრდასრული დინოზავრის წონა 100 ტონას უახლოვდებოდა.
თუმცა არგენტინოზავრის ზომებთან დაკავშირებით მეცნიერებს ეჭვები ჰქონდათ, რადგან ნაპოვნია ამ არსების მხოლოდ ხერხემლის 6 მალა და ბარძაყის ძვლის რამდენიმე ფრაგმენტი.
ტიტანოზავრის პრაქტიკულად სრული ჩონჩხის პოვნა ამ ეჭვებს ფანტავს და ადასტურებს მეცნიერთა ვარაუდს ტიტანოზავრთა მართლაც გიგანტური ზომების თაობაზე.
Dreadnoughtus schrani -ის თავის ქალა ნაპოვნი არ არის, თუმცა აღმოჩენილია ძვლების 2/3-ზე მეტი, რაც ტიტანოზავრების ანატომიის, ბიომექანიკისა და ევოლუციის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მოსაპოვებლად საკმარისია. აღსანიშნავია, რომ დინოზავრის ძვლები კარგადაა შენახული.
„აშკარაა, რომ თუ ჩვენ ტიტანოზავრების ფიზიოლოგიაზე ვსაუბრობთ, ისინი თავისი ზომებით შესაძლებლის ზღვარს მიუახლოვდნენ. მაგრამ სად გადიოდა ზუსტად ეს ზღვარი, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით“ - აცხადებს დოქტორი ლაკოვარა.
ლონდონის ბუნებრივი ისტორიის მუზეუმის დოქტორი პოლ ბარეტი Dreadnoughtus schrani-ის პოვნას უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად აფასებს. „ეს აღმოჩენა გვაძლევს საშუალებას გავიგოთ ტიტანოზავრთა ძვლების სიმტკიცის ზღვარი, ისინი ხომ როგორღაც ატარებდნენ ასეთ უზარმაზარ წონას. ახლა შეგვიძლია მოვახდინოთ სუნთქვის, სისხლის მოძრაობისა და არსებობისათვის აუცილებელი საკვების რაოდენობის მოდელირება. ამდაგვარად ჩვენ მივიღებთ ახალ ინფორმაციას გიგანტური არსების პროპორციებისა და ფორმების შესახებ. Dreadnoughtus schrani -ის აღმოჩენა წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია - ჩვენ შევძლებთ მივუახლოვდეთ ტიტანოზავრთა ბიოლოგიის საიდუმლოებას“ - აცხადებს დოქტორი ბარეტი.
მასალის გამოყენების პირობები