ტომ ჰენკსმა ერთხელ თქვა, ეს ის ფილმია, რომელიც აქამდე დანერგილ ყველა წესს ეწინააღმდეგებაო. მართლაც, ვსაუბრობთ ფილმზე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავდება ჰოლივუდის ტრადიციული სცენარისგან. მან ოსკარიც დაიმსახურა ნომინაციებში “საუკეთესო სურათი”, “საუკეთესო მსახიობი” და “საუკეთესო რეჟისორი”.
როგორც ალბათ მიხვდით, საუბარია ყველასათვის საყვარელ “ფორესტ გამპზე”, რომელსაც 20 წელი შეუსრულდა. დაუჯერებელია, რომ ამდენი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ფილმისაგან პირველი ემოციები და შთაბეჭდილებები მივიღეთ. თუმცა, მიუხედავად გასული ორი დეკადისა, ბევრმა ჩვენგანმა ჯერ კიდევ არ ვიცით, რა უცნობი დეტალები იმალებოდა კადრს მიღმა ან, თუნდაც, კადრში, ჩვენ თვალწინ! გთავაზობთ უცნობ, საინტერესო და სახალისო დეტალებს 1994 წლის კინოჰიტიდან:
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, შემოქმედებით ჯგუფს ფორესტის როლზე ტომ ჰენკსი არც მოუაზრებია. ისინი ცდილობდნენ, დაეთანხმებინათ ბილ მურეი, ჯონ ტრავოლტა და ჩევი ჩეისი. მას შემდეგ კი, რაც სამივე მსახიობისგან უარი მიიღეს, გამპი ჰენკსმა განასახიერა. დღეს ეს ფილმი ტომის გარეშე ვერავის წარმოუდგენია!
ტომ ჰენკსს არ ჰქონია კონტრაქტით გათვალისწინებული ხელფასი. პირობაში ეწერა, რომ ის მიიღებდა მოგების გარკვეულ პროცენტს, რაც საბოლოო ჯამში 40 მილიონი დოლარი გამოვიდა!
ავტობუსის სცენაში ტომ ჰენკსის წითური ქალიშვილი ელისაბედი და რეჟისორის შვილი ალექსანდრე გამოდიან. ისინი იმ ბავშვებს განასახიერებენ, რომლებიც ფორესტს სკამზე დაჯდომის უფლებას არ აძლევენ.
ცნობილი სირბილის სცენაში კი ტომ ჰენკსს პერიოდულად თავისი ძმა ანაცვლებს. ბევრი მსახიობის აყვანა სცადეს დუბლად, თუმცა, ტომის სირბილის მანერა მხოლოდ მისსავე დედმამიშვილს გამოსდიოდა. აქვე, აღსანიშნავია, რომ სურათში ფორესტი სამი წლის, ორი თვის, 14 დღისა და 16 საათის განმავლობაში დარბის, რაც ფილმის მხოლოდ 7 წუთში ეტევა!
ჯენის როლის შესასრულებლად კი, რობინ ვრაიტის დამტკიცებამდე, მიწვეულნი იყვნენ დემი მური და ნიკოლ კიდმანი. ორივე მათგანმა პერსონაჟის განსახიერებაზე უარი განაცხადა.
ერთ-ერთი ფრაზა, რომელსაც ფორესტი ამბობს, ექსპრომტად ითქვა და რეჟისორს ისე მოეწონა, აღარ შეუცვლია. სწორედ ეს ფრაზა გახდა ფილმის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სახასიათო წინადადება: “ჩემი სახელია ფორესტ გამპი. ხალხი ფორესტ გამპს მეძახის.”
ფილმში ნაჩვენებ ფორესტის ყველა ფოტოზე მთავარ გმირს თვალები დახუჭული აქვს. ასეთივე განმეორებითობაა გამპის ტანისამოსში – ასაკის ცვლილების ყველა სცენაში პერსონაჟს ლურჯი მაისური აცვია.
ცნობილი სკამი, რომელზეც ფორესტი თავის ამბავს ყვება, სპეციალურად ფილმისათვის შეიქმნა. გადაღებების დასრულების შემდეგ ეს სკამი სავანას მუზეუმს გადაეცა. არსებობს მისი ასლებიც, რომლებიც სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ინახება.
სალი ფილდი, რომელიც ფორესტის დედას განასახიერებს, გადაღების პროცესში 45 წლისაა – ტომ ჰენკსზე სულ რაღაც 10 წლით უფროსი! აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოსულ ფილმში “Punchline” (1988 წ.) ტომი სალის პერსონაჟზეა შეყვარებული.
სირბილის სცენაში ერთ-ერთი ტელეწამყვანი პრეზიდენტ ჯიმი კარტერს ახსენებს. ეს ხდება 1976 წლის 5 ივლისს (ფილმში) მაშინ, როცა იმ მომენტისათვის კარტერი ჯერ კიდევ არ არის ამერიკის პრეზიდენტი.
1972 წელს, როდესაც ფორესტი ახალ წელს აღნიშნავს, სვამს Dr Pepper-ს ლოგოთი, რომელიც 80-იან წლებამდე გამოგონილიც არ იყო.
1970 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ სცენაში “USA Today”-ის კითხულობენ მაშინ, როცა ეს გაზეთი პირველად 1982 წელს გამოიცა.
როცა ფორესტი სიტყვით გამოდის და მოულოდნელად ჯენისთან შესახვედრად მოდის, ერთსა და იმავე ადამიანს ორჯერ უვლის გვერდს.
როდესაც ჯენი კვდება, ფორესტი ამბობს, რომ შაბათი დილაა. არადა, შემდეგ ჯენის საფლავის ქვაზე ვკითხულობთ: “1982 წლის 22 მარტი”, რაც კალენდარში შაბათი კი არა, ორშაბათია!
დაბოლოს, “გაიქეცი, ფორესტ, გაიქეცი!”
მასალის გამოყენების პირობები