ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში მოსაჭრელი ხეების და მცენარეების აღრიცხვა დაიწყო. სამუშაოებს ზუგდიდის მერიის ა.ა.ი.პ. „კეთილმოწყობის ცენტრი“ ახორციელებს. პარალელურად, ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე სამუშაოებს ზედამხედველობას ქალაქის მერის ინიციატივით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისია გაუწევს , რომელსაც ქალაქ ზუგდიდის ვიცე - მერი გია გულორდავა უხელმძღვანელებს. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ის ჯერ საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული და შესაძლებელია შეიცვალოს.
კომისიის თავმჯდომარის გია გულორდავას თქმით, კომისიის წევრები კომპეტენტური ადამიანები არიან, მათ შორის -ორი გარემოს დაცვის სამსახურიდანაა.
„ჩვენ ასევე ჩართული გვყავს ამ საქმის პროფესიონალი ადამიანი კარლო ჩოკორაია, რომელიც მეგზურობას გაგვიწევს და აგვიხსნის რომელი მცენარეა ღირებული. ხეების ნუმერაციის დასრულების შემდეგ შევადგენთ აქტს და შემდეგ დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები. მცენარეების ნუმერაცია დღეს ან ხვალ ალბათ დასრულდება“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ზუგდიდის ვიცე მერმა გია გულორდავამ.
ზუგდიდის მერიის „კეთილმოწყობის ცენტრის“ თანამშრომლის პაატა გოგილავას თქმით, ბოტანიკურ ბაღი პირველ რიგში 1,5 ჰექტარზე გამრავლებული თხმელისგან უნდა გაიწმინდოს, რომელიც მისივე თქმით, ბაღში სარეველად ითვლება და ჩაგრავს სხვა ღირებულ ხეებს და მცენარეებს . ამასთან, გოგილავა ამბობს, რომ ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ხეს - სექვოიას ხმობა აქვს დაწყებული და უნდა მოიჭრას. თუმცა, მისივე თქმით, ეს საკითხი სპეციალურ შესწავლას საჭიროებს.
„ მნიშვნელოვანია, რომ გადავარჩინოთ ბზა, რომლის სიგრძე 3000 მეტრი იყო, ახლა გავზომეთ და მხოლოდ 2 400 მეტრია დარჩენილი, თითქმის ნახავარ კილომეტრზე მეტია განადგურებული. ასევე, სასწრაფოდ უნდა გადავარჩინოთ ურთხელის ხე, რომელსაც მუხის ხე დაეცა და დააზიანა. ის ამ ბაღში ერთადერთია და ძალიან ძვირფასი“, - ამბობს პაატა გოგილავა.
ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით, რამდენიმე ღონისძიება იგეგმება. მათ შორის, ხელოვნური ტბის აღდგენა და ბაღში გასატარებელი სამუშაოებისა და საჭიროებების პროექტის მომზადება.
მასალის გამოყენების პირობები