“სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ბრალდების საქმეზე ორი მოწმის დაიკითხვის შემდეგ სასამართლო პროცესზე , დაცვის მხარისთვის მოულოდნელად, პროკურორმა დასაკითხად ,დაზარალებულად მიჩნეული ,ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია გამოიძახა, რასაც თენგიზ ჯგუშიას და მისი ადვოკატის მხრიდან პროტესტი მოჰყვა.
თენგიზ ჯგუშიამ და მისმა ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლეს განუმარტეს, რომ მათ დღევანდელ პროცესზე ქვარაიას დაკითხვის შესახებ არაფერი იცოდნენ და აქედან გამომდინარე, პროცესის გადადება მოითხოვეს.
პროკურორმა ფელიქს ჯალაღონიამ სასამართლო პროცესზე მერაბ ქვარაიას მოულოდნელად გამოძახება ქვარაიას მოუცლელობით ახსნა და განაცხადა, რომ საკრებულოს თავმჯდომარე 17 სექტემბრის შემდეგ შვებულებაში გეგმავს გასვლას.
ჯგუშიას ადვოკატის შუამდგომლობა მოსმართლლე დავით გელაშვილმა გაითვალისწინა და პროცესი 11 სექტემბრამდე გადადო.
ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ფელიქს ჯალაღოინიამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა და სასამართლოს შენობა კომეტარის გარეშე დატოვა .
თენგიზ ჯგუშიას საქმის მოწმეებმა: გიორგი კუკავამ და თენგიზ ქობალიამ მერაბ ქვარაიასა და თენგიზ ჯგუშიას ინციდენტის დღე დეტალურად გაიხსენეს.
ზუგდიდის გამგეობის თანამშრომელმა თენგიზ ქობალიამ პროცესზე განაცხადა, რომ ინციდენტის ღამეს ჯგუშიამ რამდენჯერმე მოახდინა გასროლა , მათ შორის, პირველი „ქვევით, სადაც ქვარაია იდგა“, ხოლო შემდგომ „ერთი თუ ორი გასროლა- ზევით, ჰაერში.“
„ჩვენ მივყვებოდით, თენგოს მანქანას, ის ჩიხში გაჩერდა და გადმოვიდა. ჩვენი მანქანიდან მერაბიც გადავიდა და მიუახლოვდა, მერე მოახდინა გასროლა, შემდეგ მეც მივედი, თენგომ გვითხრა: “არ მომიახლოვდეთ თორემ გესვრითო“. გავჩერდით, ის კი სიბნელისკენ წავიდა და ჰაერში მოახდინა რამდენიმე გასროლა“,- თქვა პროცესზე თენგიზ ქობალიამ.
მოწმე გიორგი კუკავამ კი სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ინციდენტის დღეს მერაბ ქვარია ჯგუშიას გამომწვევად ელაპარაკებოდა, რასაც ჯგუშიას მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა. მოწმემ ასევე, გაიხსენა ერთ-ერთი შეხვედრის დეტალები, რომლის დროსაც ქვარაიამ ჯგუშიას გამგეობის მიმართ გამოთქმული "პოლიტიკური შენიშვნების" პასუხად,უსინდისო უწოდა.
ცნობისთვის, ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს მერაბ ქვარაიასა და სამოქალაქო მოძრაობა “სამეგრელოს ხმის” ხელმძღვანელს თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება 8 აგვისტოს სოფელ რიყეში დაიწყო. მოგვიანებით, დაპირისპირება კომბინატის დასახლებაში გაგრძელდა, სადაც თენგიზ ჯგუშიამ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოახდინა გასროლა. ყოფილი პარლამენტარის თენგიზ ჯგუშიას ადვოკატი აცხადებს, რომ ჯგუშიამ მხოლოდ თავდაცვის მიზნით ჰაერში გაისროლა და მას ქვარაიას მისამართით არ უსვრია.
მასალის გამოყენების პირობები