Apple-მა დიზაინერების ჯგუფის შევსების შესახებ განაცხადა. ამერიკულ ტექნოლოგიურ კორპორაციაში სამუშაოდ ცნობილი სამრეწველო დიზაინერი მარკ ნიუსონი მივიდა.
ნიუსონი, დიზაინის დარგში უფროსი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს და უშუალოდ ჯონათან აივს დაექვემდებარება, რომელიც Apple-ის სამრეწველო დიზაინის განყოფილებას ხელმძღვანელობს.
მარკ ნიუსონს ნამუშევარი აქვს მრავალ სფეროში, ავიაინდუსტრიიდან დაწყებული, სამომხმარებლო საგნების დიზაინით დამთავრებული. 2005 წელს, ის TIME-მა ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.
დიზაინერის ცნობადი სტილია ბიომორფიზმი, რომელსაც კუთხეების არქონა ახასიათებს, მაღალი ერგონომიულობა, ნახევრადგამჭვირვალობა და მაღალტექნოლოგიური მასალების გამოყენება.
მას სხვადასხვა დროს ნამუშევარი აქვს Ford-ში, მელბურნის და სიდნეის აეროპორტებში, თვითმფრინავებზე A380 და Falcon 900B. მან ასევე გააკეთა ჭურჭლის დიზაინი Tefal-თვის და მობილური ტელეფონი Talby, იაპონური KDDI-თვის. მისი შექმნილია უნიფორმა ავსტრალიის ოლიმპიური ნაკრებისთვის და ასევე რამდენიმე კონცეპტუალური სკულპტურა.
მასალის გამოყენების პირობები