უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ახალგაზრდებს 16-30 სექტემბერს , საქართველოს უმასპინძლებს.
ახალგაზრდების ჩამოყვანას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კურირებს. უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდები ანაკლიაში მდებარე მომავლის ბანაკს ესტუმრებიან.
მთავრობა უზრუნველყოფს 15-დღიანი სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელებას კონფლიქტისგან დაზარალებული 14-დან 18 წლამდე გოგონებისა და ბიჭებისთვის (სულ 130 ადამიანი).
მონაწილეთა ყველა ხარჯს: ადგილობრივი ტრანსპორტირება, საკვები, საცხოვრებელი, დაფარავს ქართული მხარე. ასევე, გამოყოფილია თანხა ჩარტერული ფრენისათვის.
ჩარტერული რეისი ჩამოფრინდება 16 სექტემბერს, 20:40 საათზე, ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტში.
ახალგაზრდების ტარნსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია "Georgian Airways".
"პროექტი განხორციელდება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა კურორტ ანაკლიაში მდებარე "მომავლის ბანაკში". ახალგაზრდებისთვის შემუშავებულ იქნა სპეციალური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო მოქმედებებისა და აგრესიის შედეგად დაზარალებული ბავშვების რეაბილიტაციასა და ცხვორების ჩვეულ რეჟიმში დაბრუნების ხელშეწყობას. პროგრამა დატვირთულია, როგორც გასართობი ასევე შემეცნებით აქტივობებით. უკრაინელი ახალგაზრდები ჩაერთვებიან სპორტულ აქტივობებში - ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი, მაგიდის ჩოგბურთი. მონაწილეობას მიიღებენ კინოჩვენებესა და ინტელექტუალურ თამაშში - რა? სად? როდის? იმოგზაურებენ აკვაპარკსა და მარტვილის კანიონში. მოინახულებენ დადიანების სასახლეს", - აცხადებენ სამინისტროში.
დღეს, 14:00 საათზე, უკრაინელი ახალგაზრდების მომავლის ბანაკში სტუმრობის შესახებ მედიას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე და დიასპორის სააკითხებში სახელმწიფო მინისტრი გელა დუმბაძე მიაწვდიან.
მასალის გამოყენების პირობები