ზუგდიდის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო . ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა გონელ პაპავამ განუცხადა. მისივე განმარტებით, სარემონტო სამუშაოები 18 საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, აქედან 8 სკოლის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა.
გონელ პაპავამ აღნიშნა, რომ საგანმანათლებლო რესურსცენტს გარკვეული სახის პრობლემები აქვს, რომლთა მოსაგვარებლად ცენტრი უკვე მუშაობს.
„განათლების სამინისტრო სკოლების მომსახურების ქვეპროგრამის ფარგლებში, ტრანსპორტის მომსახურეობას 39-ვე საჯარო სკოლის 3 400 მოსწავლეზე ახორციელებს , მაგრამ დაგვრჩა დამატებითი ხაზებით - 19 სკოლის 787 ბავშვი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას გაეგზავნა შესაბამისი მოთხოვნები, მაგრამ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე ვერ აფინანსებენ. ამისთვის საჭიროა 18 ათასი ლარი და სკოლების ფუნქციონირებას ხელი რომ არ შეეშალოს, დაფინანსების მოთხოვნით კვლავ მივმართეთ “- აცხადებს გონელ პაპავა.
ზუგდიდის #1 საჯარო სკოლის დირექტორის ნინო გოგინავას თქმით, ისინი ახალ სასწავლო წელს მომზადებულები შეხვდნენ და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
ამასთან, ახალი სასწავლო წლის დაწყება #1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ზუგდიდის ვიცე-მერმა გია გულორდავამ მიულოცა. მან ასევე სკოლაში არსებული რესურს ოთახი დაათვალიერა , რომელიც მერიის დაფინანსებით მოეწყო.
ზემოაღნიშნული რესურს ოთახით სხვა მოსწავლეებთან ერთად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები ისარგებლებენ, სადაც მათთვის ადაპტირებული გარემო შეიქმნება.
მასალის გამოყენების პირობები