რეგიონებში თხილის კრეფა დასრულდა. დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსახლეობამ მოსავალი უკვე აიღო და რეალიზაციისთვის სამზადისსაც შეუდგა. იშვიათი გამონაკლისის გარდა, წლეულს, თხილის უხვი მოსავალია, ხოლო ფასმა ამ სეზონის ყველა რეკორდი მოხსნა. 1 კგ თხილის საბაზრო ღირებულება 7 ლარია, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე ეს მაჩვენებელი 10 ლარს გადააჭარბებს.
რაც შეეხება გალის ტერიტორიას, იქ თხილის დიდი მოსავალია, თუმცა აფხაზი სეპარატისტები, რუსი სამხედროების დახმარებით, ფასს ხელოვნურად აგდებენ და ადგილობრივებს თხილის იაფად გაყიდვას აიძულებენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე 1 კგ პროდუქტის ფასი 5 ლარამდეა. წლევანდელმა სეზონმა გალელებს ახალი თავსატეხი გაუჩინა, მათ ქვეყნის გარეთ თხილის გატანა ეკრძალებათ. მართალია, შეზღუდვა ადრეც იყო და გლეხებს ტვირთის საზღვრიდან გადატანა ისედაც აკრძალული ჰქონდათ, მაგრამ ისინი ზუგდიდში თხილის გაყიდვას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ყველა გამშვებ პუნქტზე რუს სამხედროებს სათვალთვალო კამერები აქვთ დამონტაჟებული და საზღვრიდან არათუ ადამიანის გასვლა, ჩიტის გაფრენაც არ გამოეპარებათ. გალში დაბრუნებულ მოსახლეობას კარგად ახსოვს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე თხილის ბიზნესს განკარგავდნენ. მათი უმეტესობა კლანურ დაპირისპირებას შეეწირა.
"თხილის ბიზნესში აფხაზური წარმომავლობის სხვადასხვა გვარი და რამდენიმე რუსი ჩინოვნიკი ფიგურირებს. ამ მხრივ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში პოზიციას არ თმობდნენ ტურანბები, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ ქართველების მიმართ არნახული სისასტიკითა და სიძულვილით. ერთ-ერთი, აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურანბა 2006 წელს საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ის, სავარაუდოდ, კლანებს შორის დაპირისპირებას შეეწირა. გალისა და ოჩამჩირის რაიონში თხილის ბიზნესს ახლაც ამ გვარის კლანი კურირებს და დირექტივებს რუსეთიდან იღებენ. შარშანწინ ტურანბამ, რომელიც გალის მილიციის უფროსი იყო, ზუგდიდიდან თხილის ქარხნის თანამედროვე ტექნიკა ჩამოატანინა და სოფელ აჩიგვარაში უახლესი ტიპის ქარხანა ააშენა. მას წილში რუსეთის სამშვიდობო ჯარების მაიორი ნიკოლაი მაიროვიც ჰყავს", - ამბობს ადგილობრივი მკვიდრი თხილის ბიზნესში მონაწილე ცნობილი კლანის შესახებ.
ვისაც მცირე შესაძლებლობა მაინც აქვს, თხილის აქტიური რეალიზაციითაა დაკავებული, ყოველ შემთხვევაში, დღემდე ასე იყო. თხილის ბიზნესი გალის მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე ყველაზე მომგებიან საქმიანობად ითვლება. თუმცა, გასაწევი რისკი საკმაოდ დიდია და შემსყიდველის მხრიდანაც განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს.
დრო გადის, თხილის ბიზნესში აქამდე მოქმედი წესები მოთამაშეებთან ერთად იცვლება.
გალის ქვედა ზონის მცხოვრები გოგა ქორთუა ამბობს, რომ ნახევარ ტონამდე თხილი ადგილზე, ზუგდიდში გაყიდვის მიზნით შეიძინა, მაგრამ ტვირთი ტერიტორიიდან ვერ გააქვს.
"რამდენიმე ასეული ლარით ვიზარალე იმის გამო, რომ თხილს ზუგდიდში ვერ ვყიდი. ხან ფონის საშუალებით, ხანაც საზღვარზე ქრთამის გადახდით მიმოსვლას ვახერხებდი, მაგრამ ახლა ეს შეუძლებელი გახდა. რუსი სამხედროები თხილის გატანას პრინციპულად გვიკრძალავენ. გვაიძულებენ, რომ 2-3 ლარით ნაკლებად გავყიდოთ, თვითონვე ყიდულობენ, რომ იაფად შეძენილი პროდუქტი რუსეთში სარფიანად გაყიდონ. ამაში აფხაზები და რუსები შეთანხმებულად მოქმედებენ, ხალხი კი ზარალდება. ადგილობრივებთან ერთად, იზარალა, რამდენიმე აფხაზმაც, რომელიც თხილის ბიზნესში ქართველებთან ერთად არის. უკმაყოფილების გამოხატვას ყველა ერიდება, აფხაზებიც კი ჩუმად არიან და რუსების ძალმომრეობას ითმენენ. ყველაფერს ისინი განაგებენ, უკვე თხილის ბიზნესიც ჩაიგდეს. ამიტომ აქ დარჩენა თანდათან აზრს კარგავს. გამოუვალ მდგომარეობაში ვართ. ერთადერთი შემოსავალი თხილია და იმასაც ხელიდან გვაცლიან, გაყიდვის საშუალებას არ გვაძლევენ",- ამბობს გოგა ქორთუა.
თხილის მოსავალი სრულად აიღეს იმერეთსა და გურიაში. ადგილობრივები ამბობენ, რომ შრომა თავად გასწიეს, რადგან დღიური მუშახელის დასაქირავებლად ფული არ აქვთ. მოსავალი არც ისე დიდია, რომ ოჯახსაც ეყოს და მუშის დაქირავებასაც მოხმარდეს.
საჩხერის რაიონის, სოფელ ივანწმინდას მკვიდრი რამაზ გულიაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ყოველწლიურად 1 ტონა თხილის მოსავალს იღებს და ამისთვის ოჯახს მუშის დაქირავება არ უწევს.
"ოჯახში ორი შრომისუნარიანი მამაკაცი ვართ. მოსავალიც ჩვენი შესაძლებლობით მოგვყავს, დრო თუ დავგრჩება, არც სხვის ოჯახში მუშაობას ვთაკილობთ. დღიური გასამრჯელო 25 ლარამდეა, ხალხს არ აქვს იმდენი, რომ თავიც ირჩინოს და მუშის ხელფასიც გაისტუმრონ.
მოსავალმაც გაამართლა და ფასმაც. 1 კგ თხილი 6,50-7 ლარის ფარგლებშია. ცოტა ადრე ასეთ ფასზე ოცნებაც არ შეგვეძლო, ვერ ვიფიქრებდით, რომ თხილი უკვე სექტემბერში 7 ლარამდე ეღირებოდა. ალბათ, წლის ბოლომდე პროდუქტის ფასი კიდევ რამდენჯერმე მოიმატებს", - ამბობს ლალი გოთუა, ოზურგეთის მკვიდრი.
წალენჯიხაში კი წლევნადელი მოსავლით უკმაყოფილონი არიან. გლეხებმა განახევრებული მოსავალი აიღეს, რასაც ხალხი უამინდობას მიაწერს. "თხილი ამინდის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარეა, მაგრამ წელს პირიქით მოხდა და მსხმოიარე ნაყოფი ჯერ კიდევ გაზაფხულზე მოიყინა. ამან მოსავალზე ცუდად იმოქმედა. მთელ რაიონში ძნელად მოიძებნება ოჯახი, სადაც თხილის კარგი მოსავალია. ჩაი ისედაც არ არის, სანაქებო არც სიმინდია, დიდი დანაკარგი გვაქვს. ამასობაში კი ყველაფრის ფასი მატულობს. არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ, ცუდ დღეში აღმოვჩნდით", -ამბობს ლია კვარაცხელია, წალენჯიხის რაიონის მკვიდრი.
მცირე მოსავალია რაჭაშიც. შარშანდელთან შედარებით, რეგიონში მიზერული რაოდენობის თხილი დაიკრიფა. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორისუბნის მკვიდრი გივი მდივნიშვილი ამბობს, რომ წელს თხილმა არ გაამართლა.
"თხილი ათიოდე წლის წინათ მოვიშენე. ნერგი სამეგრელოდან ჩამოვიტანე და აქაურ კლიმატს კარგად შეეთვისა. 600 კილოგრამამდე ვკრეფდი ხოლმე, მაგრამ წელს 200 კილოგრამიც აღარ არის. არ ვიცი, რატომ ვერ გაამართლა, შრომა არ დამიკლია, კარგად ვუვლიდი, მაგრამ მაინც ცოტა მოსავალი მოვიდა. შეიძლება, ამინდმაც მოახდინა გავლენა.
დიდი სურვილი მაქვს, თხილი უფრო მეტად მოვიშენო, კარგი ფასი აქვს და დიდ ენერგიასაც არ მოითხოვს. სეზონურობაც ნკლებად მოქმედებს, სამწუხაროდ, წელს მოლოდინი გამიცრუვდა, ვფიქრობდი, რომ მოსავლიანობა, რადგან ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხეებია, 1 ტონამდეც მოიმატებდა, მაგრამ ვარაუდში შევცდი", - ამბობს რაჭველი გლეხი.
წყარო:www.bpn.ge
მასალის გამოყენების პირობები