უკვე მეოთხე დღეა ფოთში დევნილები შიმშილობენ. იძულებით გადაადგილებული პირები ფოთში ახალ დასახლებაში საცხოვრებელ ბინებს ითხოვენ. დღეს მათ საპარლამენტო უმცირესობის წევრები ნუგზარ წიკლაური,აკაკი მინაშვილი და ვახტანგ ლემონჯავა შეხვდნენ. ფოთში იმყოფებოდა ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი თენგიზ გუნავაც.
ისინი მოშიმშილეებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებთან ერთად შეხვდნენ. უმცირესობის წევრებმა დევნილების პრობლემები მოისმინეს და აღნიშნეს,რომ ამ ადამიანების მოთხოვნები საფუძვლიანია. მათ ხელისუფლებას საკითხით დაინტერესებისაკენ მოუწოდეს.
დღეს უმცირესობის წევრებმა მოშიმშილეებს თბილი პლედები და წყალი მიუტანეს.დევნილები ამბობენ,რომ ამ დრომდე აქციას ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოხმაურებია. მათი განცხადებით, შიმშილობას შეწყვეტენ, დედაქალაქამდე ფეხით ჩავლენ და სწორედ ამ გზით შეეცდებიან მინისტრთან შეხვედრას.
დევნილებთან ერთად შიმშილობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე ფოთში დარეჯან ცხვიტარიაც.
მასალის გამოყენების პირობები