გუბერნიის შენობის გვერდით არსებული მიწის ნაკვეთის ჯერ ეკონომიკის სამინისტროსთვის და შემდეგ უფასოდ „მაკდონალდისთვის“ გადაცემის საკითხი ქალაქ ზუგდიდის საკრებულომ 11 ხმით 3 წინააღმდეგ დაამტკიცა. სხდომაზე აღნიშნული საკითხის განხილვა სიტყვიერი დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
ამასთან, საკრებულოს სხდომაზე ითქვა, რომ „მაკდონალდსის“ ხელმძღვანელობა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის და მუსიკალური სკოლის შენობების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას გეგმავს, რაც 200 ათას ლარს აჭარბებს.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა „მაკდონალდსისთვის“ მიწის უფასოდ გადაცემის და მისი გუბერნიის შენობის გვერდით აშენება გააპროტესტეს. მათი თქმით,გუბერნიის შენობის გვერდით არსებული 1860 კვ.მ მიწის ნაკვეთის,რომლის საბაზრო ღირებულება 1 მილიონ ლარს აჭარბებს,უფასოდ გასხვისება მიუღებელია.
„ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრის ანა წითლიძის თქმით „მაკდონალდსისთვის“ მიწის სასწრაფოდ გადაცემის საკითხით სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა დაინტერესებული. ის აღნიშნავს,რომ გუბერნატორმა საკრებულოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღება აიძულა.
ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, ქალაქ ზუგდიდის მერიის მიერ სოციალურ ქსელ ფეისბუქში, „მაკდონალდსის“ საკითხზე საჯარო განხილვისთვის განთავსებული ინფორმაციის ქვეშ მიწერილი მოქალაქეების კომენტარების ასლები წარმოადგინეს. მათი თქმით, მოქალაქეების უმრავლესობა გუბერნიის შენობის გვერდით "მაკდონალდსის" აშენების წინააღმდეგია.
„ეს არ იყო საკრებულოს გადაწყვეტილება, ეს არის გუბერნატორ შონიას ერთპიროვნული გადაწყვეტილება. ჩვენთვის გაუგებარია, რა პრინციპით შეარჩია შონიამ ეს ტერიტორია, რა გარიგებაშია ის თემურ ჭყონიასთან, რატომ უნდა მისცეს ჭყონიას ზუგდიდმა უფასოდ მიწა და საერთოდ, რატომ ერევა გუბერნატორი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში?" - ამბობს ანა წითლიძე.
„მაკდონალდსისთვის“ მიწის უფასოდ გადაცემას და მისი გუბერნიის შენობის გვერდით განთავსებას, ასევე არ ეთანხმება საკრებულოში ,„ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ წარმომადგენელი, თენგიზ ხარჩილავა. მან აღნიშნულ საკითხზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა საკრებულოს „ქართული ოცნების“ წევრებს დააკისრა.
ანა წითლიძის ბრალდებებს და კითხვებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში არ უპასუხეს.
მასალის გამოყენების პირობები