ქალაქ ზუგდიდში, მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლებში გადაუღებელი წვიმის შედეგად პრობლემები შეიქმნა. ზუგდიდის ვიცე-მერის გია გულორდავას თქმით, ქუჯის, სტალინის, ჩიჩუასა და გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე მაღალსართულიან სახლებში მცხოვრებ რამდენიმე ოჯახს სახურავიდან წყალი ჩაუვიდა. მისივე თქმით, ასევე დაიტბორა რამდენიმე სახლი ბერიას, გრიბოედოვის და გურამიშვილის ქუჩაზე.
ამასთან, ქალაქის ვიცე-მერი აცხადებს, რომ ქუჯის ქუჩაზე მდებარე #10-ე კორპუსის სადარბაზოებში შესვლა სახიფათოა, რადგან, მისივე თქმით, კედელებს ფილები დაშორდა და არსებობს მისი მოწყვეტის საშიშროება.
„არსებობს საშიშროება, რომ ეს ფილები ჩამოვარდეს და ხალხი მოიყოლიოს. სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ გამაგრებითი სამუშაოები“, - თქვა გია გულორდავამ.
ძლიერმა წვიმებმა პრობლემები შექმნა დასავლეთ საქართველოში. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელებში დაიტბორა რამდენიმე სახლი, დაზიანდა ხიდ-ბოგირები ასევე, დაიტბორილია სახნავ-სათესი სავარგულები სოფელ ახალსოფელში. ჩოხატაურის, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში კი დატბორილია ათობით საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთები და დაზიანებულია გზები და ხიდები.
მასალის გამოყენების პირობები