ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა ენგურზე, ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზრუდვას და ექვსი "გამშვები პუნქტის" ნაცვლად, ერთის დატოვებას გეგმავს.
სააგენტო "რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ ხაჯიმბამ აფხაზეთის ეროვნული ერთობის ფორუმის პოლიტსაბჭოს სხდომაზე განაცხადა. დე ფაქტო პრეზიდენტი თანაპარტიელებს დაჰპირდა,რომ "საქართველოსთან საზღვარს გაამაგრებს".
"სახელმწიფო საზღვარზე საქართველოსთან, მდინარე ენგურის გასწვრივ,მხოლოდ ერთი გამშვები პუნქტი უნდა ფუნქციონირებდეს,სახელმწიფოს უსაფრთხოების გათვალისწინებით, ყველა დანარჩენი პუნქტი უნდა დაიკეტოს", - განაცხადა ხაჯიმბამ.
ამ დროისთვის ადმინისტრაციულ საზღვარზე 6 – ერთი ცენტრალური და 5 დამატებითი გადასასვლელი ფუნქციონირებს. გალის რაიონში, ცენტრალური გამშვები პუნქტის გარდა,ხუთი დამატებითი გამშვები პუნქტი (4 საფეხმავლო და 1 საავტომობილო) 2013 წლის მაისში გაიხსნა. გალის რაიონის მცხოვრებლებს გადაადგილება მხოლოდ ე.წ. აფხაზური ან ყოფილი საბჭოთა პასპორტებით შეუძლიათ.
მასალის გამოყენების პირობები