მართალია, „შიშველი სკანდალის“ მთავარი მსხვერპლი გახდა, მაგრამ ამას ჯენიფერ ლოურენსის პოპულარობასა და სამსახიობო კარიერაზე უარყოფითად არ უმოქმედია. 24 წლის ჰოლივუდელი ვარსკვლავი, რომელმაც უკვე მოირგო ქრის მარტინის ახალი შეყვარებულის სტატუსი, მსოფლიოს საუკეთესოდ ჩაცმულ ქალბატონთა სიის სათავეში მოექცა! ჯენიფერმა ამ მაჩვენებლით ჩაანაცვლა კრისტენ სტიუარტი, რომელიც ამჯერად მესამე ადგილს დასჯერდა. შუა, მეორე ადგილი კი ლუპიტა ნიონგომ დაიკავა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იქცევდა ყურადღებას თავისი გამორჩეული დიზაინის კაბებითა და ჩაცმულობით.
საუკეთესოდ შემოსილთა ლიდერ სამეულს მეოთხე პოზიციით მოსდევს „ჰარი პოტერის“ ვარსკვლავი ემა უოტსონი, რომელმაც გემოვნებით მეექვსე ადგილზე მყოფ ანჯელინა ჯოლისაც კი აჯობა. მეხუთე ადგილის მფლობელი „ჭორიკანა“ ბლეიკ ლაივლი გახდა.
ათეულის ბოლო პოზიციებს იკავებენ კეტი პერი, ჯენიფერ ენისტონი და ემა სტოუნი. რაც შეეხება მეთერთმეტე ადგილს, ის ლედი გაგამ დაიკავა, რაც არც არის გასაკვირი მისი არაორდინარული ჩაცმულობიდან გამომდინარე, რომელიც ყოველთვის აოცებს გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ. სიაშია ვიქტორია ბექჰემიც, რომელსაც ბიონსე, ჯენიფერ ლოპესი და ფლორენს უელში უსწრებენ.
50 საუკეთესოდ ჩაცმულ ქალთა შორის, ასევე, მოხვდნენ: კარა დელევინი, კეიტ მოსი, კიმ კარდაშიანი, მაილი საირუსი, შერილ ფერნანდესი, კაილი მინოუგი და ლილი ალენი, რომელიც სიაში ბოლო ადგილს იკავებს.
„მთავარი ის კი არ არის, რას იცვამს, მთავარია, როგორ აცვია! ჯენიფერ ლოურენსს შეუძლია, ‘დიორის’ კაბა ისეთივე კომფორტულად წარმოაჩინოს, როგორც ყოველდღიური სპორტული ტანისამოსი! თანაც, ახერხებს, რომ ყველა სტილი ერთნაირად ლამაზად მოირგოს…“ – წერს ჟურნალი „Glamour“-ი რეიტინგის ლიდერზე.
„50 საუკეთესოდ ჩაცმული ქალბატონის“ სია სრული სახით “Glamour”-ის ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდება. ამ რეიტინგს ჟურნალი უკვე მეთორმეტედ აქვეყნებს.
მასალის გამოყენების პირობები