ინგრედიენტები:
კარაქი - 55 გრ. + საცხობი ჭურჭლისთვის
შავი შოკოლადი (60%-იანი და ზემოთ) - 85 გრ.
კვერცხი - 1 ც. + 1 კვერცხის გული
შაქარი - 25 გრ.
მარილი - დანის წვერზე რაც დაეტევა
ფქვილი - 1 ს.კ. თავმობმული (დაახლ. 25 გრ.)
რეცეპტით გამოდის 2 ნამცხვარი
მომზადება
ძალიან მნიშვნელოვანია, ზუსტად დაიცვათ პროპორციები და ტემპერატურა, რაც რეცეპტშია მოცემული. ნამცხვრის გამოსაცხობად დაგჭირდებათ კერამიკის საცხობი ფორმები. ფორმებს შიგნიდან, ყველა გვერდზე წაუსვით ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი და შედგით საყინულეში. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოიღეთ, ისევ წაუსვით კარაქი და დააბრუნეთ საყინულეში.
გაახურეთ ღუმელი 230 C-მდე.
ორმაგ ქვაბში (მდუღარე წყლის აბაზანაზე) გაადნეთ კარაქი და შოკოლადი. ბოლომდე რომ გადნება შოკოლადი, კარგად მოურიეთ, რომ მასა ერთგვაროვანი იყოს. ამასობაში, ცალკე, პატარა ჯამში, მიქსერით, მაღალ სიჩქარეზე გათქვიფეთ კვერცხი, კვერცხის გული და შაქარი 3-4 წუთის განმავლობაში. მასა სქელი და ფერმკრთალი გახდება. შეურიეთ გამდნარი შოკოლადის მასა და კარგად მოურიეთ მიქსერით. უცებვე შეურიეთ ფქვილი, კარგად მოურიეთ და ჩაასხით საცხობ ფორმებში. მასა იმდენად თხელია, რომ შესაძლოა იფიქროთ, რომ რაღაც არასწორად გააკეთეთ და ნამცხვარი არ გამოცხვება, თუმცა ნუ დანებდებით - გააგრძელეთ, როგორც რეცეპტშია მოცემული.
შედგით ღუმელში 7-8 წუთით (ცხობის დროს არ გააღოთ ღუმელის კარი). როგორც კი ნამცხვრის ზედაპირი მოშრება, გამოიღეთ ღუმელიდან და ნამცხვარი ფორმებში აუცილებლად დატოვეთ 1 წუთის განმავლობაში. შემდეგ, ზემოდან დაადეთ თეფში და თეფშიანად გადმოაპირქვავეთ ფორმა. ფრთხილად აიღეთ ფორმა -
ნამცხვარი კი თეფშზე დარჩება.
გარედან ნამცხვარი იმდენად ჰაეროვანია, რომ არ გირჩევთ ნაყინის ბურთულა ზემოდან დაადოთ, თორემ შესაძლოა ნამცხვარი გასკდეს. მორთეთ სურვილისამებრ შოკოლადის სოუსით, ან ლიმონის ცედრით (რომელიც ძალიან აგემრიელებს). აუცილებლად მიართვით ვანილის ნაყინთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები