ფოთის ყოფილ სასწავლო ცენტრში თვითნებურად შეჭრილი 40-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი ელექტროენერგიის მიწოდებას ითხოვს. ამ მოთხოვნით დღეს მათ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზაც გადაკეტეს, თუმცა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გახსნეს. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები კვლავ გზის გადაკეტვით იმუქრებიან.
ფოთის მერიაში კი განმარტავენ, რომ შენობა ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და მასში თავის დროზე 80 დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომელთაც ახალი საცხოვრებელი ბინები მისცეს, ამის შემდეგ კი იქ სხვა დევნილები და სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ.
„იმ შემთხვევაში თუ დევნილთა სამინისტრო ამ შენობის გარემონტებას და დევნილების საცხოვრებლად გამოყენებას არ აპირებს, ჩვენ მივმართავთ თხოვნით ეკონომიკის სამინისტროს, რათა მისცეს უფლება „ენერგო-პრო-ჯორჯიას“, რომ მიაწოდოს ამ ოჯახებს ელექტროენერგია. ამ ეტაპზე სწორედ ვითარების გარკვევის პროცესში ვართ“, - აცხადებს ფოთის მერი ირაკლი კაკულია.
მასალის გამოყენების პირობები