აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ზუგდიდში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მიერ აფხაზეთის მთავრობისთვის სარგელობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთი დაათვალიერა.
10 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე პირველად დაითესა სიმინდი, რომლის მოსავლის აღებასაც აფხაზეთის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აფხაზეთის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლობით შეიქმნა პროექტი, რომლის ფარგლებშიც დასაქმებული იყო რამდენიმე ათეული ოჯახი და მოწეული მოსავალიც დევნილ ოჯახებზე გადანაწილდა.
მოსავლის აღებაში მონაწილება მიიღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დიმიტრი ჯაიანმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ, აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით გვაძაბიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ, ასევე აფხაზეთის მთავრობის აპარატისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წარმომადგენლობის თანამშრომლებმა.
"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ პირველად ვიღებთ ჩვენი შრომით მოწეულ სიმინდის მოსავალს. ამ მიწის ნაკვეთის ასათვისებლად ყველამ ვიშრომეთ. მომავალი წლისთვის უფრო მეტი მიწის ფართობს ავითვისებთ, შესაბამისად უფრო მეტ დევნილს დავასაქმებთ. ისიც უნდა გითხრათ, რომ გაგვიჭირდა სათესლე მასალის, ტექნიკის და ფინანსების მოძიება. ბოლოს რაღაცას მაინც თავი მოვუყარეთ, რაშიც დაგვეხმარა "მექანიზატორი", რომელსაც ალუ გამახარია ხელმძღვანელობს. სწორედ ამის გამო ეს ყანა მოგვიანებით, მაისის მიწურულს დაითესა. მიუხედავად იმისა, რომ სიმინდის მოყვანისთვის ყველა აგრარული წესი დავარღვიეთ, მოსავალი მაინც საუცხოო მივიღეთ. სიმინდის მოვლა-პატრონობა დევნილთა გარკვეულმა ჯგუფმა ითავა, მათ შორისაა კობა ნაყოფია და რეზო ჯალაღონია. პრაქტიკულად, მათ მხრებზე გადაიარა ყველაფერმა. დღეს სიმბოლურად ჩამოვედით აფხაზეთის მთავრობის და აპარატის წევრები. ჩვენც მთელი დღე ხალისით ვიმუშავეთ. მე მინდა, რომ დევნილთა გარკვეულმა ნაწილმა ამ შრომით ისარგებლოს და ეს ბარაქიანი მოსავალი მათ ოჯახებს წაადგეს. როგორც უკვე გითხარით, სამომავლოდ გაცილებით მეტ მიწებს ავითვისებთ და დევნილთა გაცილებით დიდი ჯგუფი ჩაერთვება ამ საქმიანობაში. მადლობა მინდა გადავუხადო ამ ბიჭებს, რომლებმაც ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ასეთი მოსავალი მიგვეღო", – განაცხადა ყოლბაიამ.
მასალის გამოყენების პირობები