„ენერგო-პრო-ჯორჯიას“ წალენჯიხის ოფისის თანამშრომელი ლაშა კილასონია პოლიციას ზეწოლასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.
ჟურნალისტებთან საუბრისას ლაშა კილასონია დეტალურად იხსენებს მის დაკავებას და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებაზე აღიარებითი ჩვენება ძალადობრივი მეთოდებით დააწერინეს.
„ამიყვანეს პოლიციის შენობაში მეორე სართულზე და მომთხოვეს აღიარებითი ჩვენების დაწერა, რაზეც უარი ვთქვი, ამის შემდეგ 5-6 პოლიციელი შემოვიდა და ცემა დამიწყო, იატაკზე დამაგდეს და უმოწყალოდ მცემეს, მეუბნებოდნენ აღიარე და 2 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაგიშვებთო, თუმცა ჩვენება ვერც ამის მერე მიიღეს. შემდეგ შარვალი ჩამხადეს და ისევ იატაკზე დამაგდეს, ეს იყო გაუპატიურების მცდელობა, რის შემდეგაც გადავწყვიტე მეღიარებინა ის, რაც არ გამიკეთებია და გადამეხადა 2 000 ლარი, თუმცა იზოლატორში გადაყვანის შემდეგ ჩვენება შევცვალე და ახალი ჩვენება დავწერე. ნარკოტიკებთან არანაირი შეხება არ მქონია, ეს არის სიცრუე“, - აცხადებს კილასონია.
ბრალდებულმა მისი დაკავების საქმეზე გამოძიების თხოვნით ზუგდიდის პროკურატურას უკვე მიმართა, თუმცა ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ უწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს ზეწოლის ქვეშაა და გამოძიება ჭიანურდება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ღირსება ჭიკაიძის უწყების რეიტინგის აწევას ეწირება. აბა რა უნდა ვიფიქროთ იმ გარემოებების შემდეგ, რომელიც ლაშას დაკავებისას და შემდგომ მოხდა, იმ ძალადობაზე, რომელიც მასზე განხორციელდა. ლაშა კილასონია უდანაშაულოა“, - აცხადებს ადვოკატი ლაშა ხოშტარია.
ლაშა კილასონია ამჟამად გირაოთია გათავისუფლებული, მის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 29 ოქტომბრისთვის არის ჩანიშნული.
კილასონია ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ზუგდიდის პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებასაც არ გამორიცხავს.
მასალის გამოყენების პირობები