სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. იგი მოსამართლე დავით გელაშვილმა სამივე ბრალდებაში გაამართლა და მხოლოდ ჯარიმის სახით 500 ლარის გადახდა დააკისრა.
თენგიზ ჯგუშიამ მოსამართლეს სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა,რომ სასამართლო იყო მიუკერძოებელი.
ჯგუშიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ მოსამართლის გადაწყვეტილება, არა მხოლოდ მისი, როგორც ადვოკატის და თენგიზ ჯგუშიას გამარჯვებად,არამედ სასამართლოს და ქართველი ხალხის გამარჯვებად შეაფასა.
სამოქალაქო მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ხელმძღვანელს და ყოფილ დეპუტატ თენგიზ ჯგუშიას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის 239 -ე მუხლის მეორე ნაწილით და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილით ედებოდა,რაც ხულიგნობას და იარაღის უკანონო ტარება- გადაზიდვას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
შეგახსენებთ,რომ 2013 წლის 8 აგვისტოს სოფელ რიყეში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიასა და თენგიზ ჯგუშიას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომელიც კომბინატის დასახლებაში ჯგუშიას მხრიდან ტყვიის გასროლით დასრულდა. ჯგუშია წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს და აცხადებს, რომ მან ტყვია ჰაერში, თავდაცვის მიზნით გაისროლა და მას ქვარაიას მიმართულებით არ უსვრია.
მასალის გამოყენების პირობები