ფოთის პორტის თანამშრომლების უმრავლესობა კვლავ გაფიცულია. ისინი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს წუხელ შეხვდნენ, მაგრამ შეთანხმება ვერ იქნა მიღწული, პორტის მენეჯმენტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
პორტის თანამშრომლები მოუწოდებენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს, შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც უზრუნველყოფს პორტის ადმინისტრაციისა და გაფიცულების მოლაპარაკების მონიტორინგს.
გაფიცულები აცხადებენ, რომ არ დაიშლებიან სანამ მათი მოთხოვნები გათვალისწინებული არ იქნება. ისინი ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა, ხელფასების გადახედვა და შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას მოითხოვენ.
პორტში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით გუშინ პორტის გენერალურმა დირექტორმა ჯოზეფ ქროულიმ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ პრესკონფერენცია გამართეს.
"დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაადგინოს იმ პირების ვინაობა, რომლებიც ინიცირებენ ფოთის პორტში განვითარებულ მოვლენებს"–განაცხად ფადი ასლიმ.
მისივე თქმით, ფოთის პორტი კავკასიისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი პუნქტია, რომელიც არ შეიძლება იყოს გაურკვეველი პიროვნებების მიერ პარალიზებული, რომელთაც მანიპულაციის გზით შეცდომაში შეჰყავთ "პატიოსანი და გულუბრყვილო მომუშავეები, რათა საბოლოოდ შეძლონ კრიმინალური გზით მიზნის მიღწევა".
ჯოზეფ ქროულის ინფორმაციით კი, ფოთის პორტის მუშების ხელფასები 2013 წლის აპრილის ნაცვლად, მომავალი წლის იანვარში გადაიხედება."ხელფასები 20%-ით მოიმატებს, კვალიფიკაციის დამსახურებისა და ინფლაციის ინდექსის გათვალისწინებით. რეზერვისტთა ჯგუფისთვის, რომლებიც არ არიან კომპანიის ბალანსზე, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ხდებოდა მათი სამსახურში გამოძახება, ხელფასებმა 40%-ით უკვე მოიმატა",-აღნიშნა პორტის გენერალურმა დირექტორმა.
მასალის გამოყენების პირობები