ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი რუსეთის ქალაქ კალინინგრადში მეგობრული ვიზიტით იმყოფება. ფაქტს "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს . მათი შეფასებით, იმ ქვეყანაში, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა და ქვეყნის ანექსიას ახორციელებს, ქართველები არ უნდა წასულიყვნენ.
"ეს იმის დასტურია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისი ქმედებებით მიესალმება რუსეთს და არა ევროპას", - აცხადებს ფოთის საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან" გიორგი შამუგია.
ფოთის მერის, ირაკლი კაკულიას განცხადებით, ფოთი და რუსეთის ქალაქი კალინინგრადი 18 წელია დამეგობრებული ქალაქები არიან და ფოთის საკრებულოს წევრების იქ წასვლაში საგანგაშო არაფერია.
"ფაზისობის დღესასწაულზე მოწვეული გვყავდა კალინინგრადის დელეგაციის წარმომადგენლები, თუმცა, სამწუხაროდ მათ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს. ახლა იქ კულტურული ღონისძიებები ტარდება და ჩვენი წარმომადგენლები არიან მიწვეული", - აღნიშნა ირაკლი კაკულიამ.
რუსეთის ქალაქ კალინინგრადში ფოთის საკრებულოს ოთხი წევრი იმყოფება: ზურა ჩაჩუა, პაატა ჩაგანავა, სევერიან შენგელია და მალხაზ ბუკია. ისინი მეგობრული ვიზიტით სამდღიან ღონისძიებაზე არიან მიწვეული.
მასალის გამოყენების პირობები