“ჰობიტი: ხუთი არმიის შერკინება” საერთაშორისო კინოგაქირავების კვირის ლიდერია. ფილმის საერთო შემოსავალმა გასული კვირის განმავლობაში 117.6 მილიონი დოლარი შეადგინა.
პიტერ ჯეკსონის ტრილოგიის ბოლო ნაწილი 38 ქვეყანაში წარსდგა მაყურებლის წინაშე. მათ შორისაა იაპონია, რუსეთი, მექსიკა და, როგორც იცით, საქართველოც. ამერიკული პრემიერა 17 დეკემბერს იგეგმება და ეს ფაქტი ფილმს კიდევ უფრო დიდ შემოსავალს ჰპირდება.
რაც შეეხება ამ მხრივ გამორჩეულ ქვეყნებს, გერმანიაში “ჰობიტმა” 19.5 მილიონი დოლარი “მოიგო”, დიდ ბრიტანეთში – 15.2, საფრანგეთში – 14.5, რუსეთში კი, სადაც “ხუთი არმიის შერკინება” ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალრეიტინგულ პრემიერად დასახელდა, – 13.4 მილიონი დოლარი.
საერთაშორისო კინოგაქირავების რეიტინგში მომდევნო პოზიცია უკავია ფილმს “მოსე: ღმერთები და მეფეები”. მესამე-მეოთხე ადგილებს “შიმშილის თამაშები: კაჭკაჭჯაფარა” და “მადაგასკარის პინგვინები” იყოფენ. ამ სიის მეხუთე წევრი კი “ინტერსტელარია”, რომლის ჯამურმა მოგებამ მხოლოდ ჩინეთში 122.9 მილიონი დოლარი შეადგინა.
მასალის გამოყენების პირობები