არჩევნების შედეგების გადახედვას სამეგრელოში ახალი ხელისუფლება არ აპირებს. ეს განცხადება თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ რუსთავი2-ის ეთერში რამდენიმე გააკეთა. ალასანიას განცხადებით სამეგრელოში არჩევნები დაშინების გზით გაყალბდა, თუმცა შედეგების გაპროტესტებამ ყველა სამართლებრივი ინსტანცია გაიარა და შედეგი არ გამოიღო. თავდაცვის მინისტრი ამასაც ძველ ხელისუფლებას აბრალებს და ამბობს, რომ სასამართლოც ძველი ხელისუფლების ხელში იყო და ამის დამტკიცებაც ვერ მოხერხდა.
"სამეგრელოში მართლაც მოხდა არნახული ძალადობა იმდროინდელ ოპოზიციურ ძალებზე, იყო ძალიან დიდი კონცენტრირება სპეციალური დანიშნულების ძალების, სხვადასხვა პოლიციური სტრუქტურების, ზონდერების და ა.შ. მოკლედ იყო ძალადობის არნახული მასშტაბი და ჩვენ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, შემდეგ აპელაციაც შევიტანეთ, მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც ეს სარჩელები იხილებოდა, ჯერ კიდევ სასამართლო შორს იყო დამოუკიდებლობისგან, ამიტომ კანონის შესაბამისად ჩვენ ყველა გზა ამოვწურეთ. ბუნებრივია, ჩვენ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები და ასევე, როგორც ხელისუფლება, რომელიც უნდა ვამკვიდრებდეთ კანონისადმი და ინსტიტუციებისადმი პატივისცმას, მათ შორის არასამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ, ჩვენ სხვა გზას არასდროს მივმართავთ და მე დარწმუნებული ვარ, როდესაც მთლიანად შეიცვლება არჩევნების ჩატარების კულტურა ქვეყანაში და მომავალი არჩევნებისთვის ძალიან ბევრი რამ გვაქვს მოსასწრები საარჩევნო სიების დახვეწის კუთხით და ეს შესწავლილი იქნება, ყველაფერი ნათელი მოეფინება. ჩვენ არაფრის გადახედვას არ ვაპირებთ, უბრალოდ ის უსამართლობა მართლაც შედგა და ის მოპარული არჩევნები სადაც იყო, ეს ყველაფერი საზოგადოებისვის ცნობილი გახდება,"-აღნიშნა ალასანიამ
შეგახსენებთ, რომ ალასანიას კომენტარი "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობაზე გაკეთებულ ბიძინა ივანიშვილის ცნობილ განცხადებას მოჰყვა, სადაც ივანიშვილმა სამეგრელოში კოალიციის მარცხზე ისაუბრა.
"დასანანი შედეგი მივიღეთ სამეგრელოში და ეს შემდგომში კვლევას საჭიროებს. ძალიან დიდი მუხტი იყო ზუგდიდში. რაღაც მოხდა, სადღაც მოგვატყუეს. ჩვენ ვერ მოვახერხეთ ბოლომდე დაფიქსირება იმ დარღვევების, რაც იყო. ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სამეგრელოში გამარჯვებას და ყველაზე დიდი ენერგია სწორედ აქ დავხარჯე. მე დღემდე არ მჯერა ამ შედეგების და ვფიქრობ, რომ დამატებით კვლევას საჭიროებს", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები