შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, "საქართველოს რკინიგზა" მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის და დამატებით რეისებს შეასრულებს. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას "საქართველოს რკინიგზის" პიარმენეჯერმა თეკო სიხარულიძემ განაცხადა, მგზავრთა გაზრდილი რაოდენობის გამო, განსაკუთრებით მოთხოვნად მარშრუტებზე, როგორიცაა ბათუმისა და ზუგდიდის მიმართულებები, დამატებითი მატარებლები დაინიშნა.
სიხარულიძის განცხადებით, "საქართველოს რკინიგზამ" აღნიშნული მიმართულებით მატარებლების გადასაყვანი ადგილების რაოდენობა 44 პროცენტით გაზარდა, რაც 1900 ადგილს შეადგენს. ეს მთლიანად დააკმაყოფილებს აჭარის, გურიის და სამეგრელოს მიმართულებით მგზავრობის მსურველთა, მათ მიეცემათ საშუალება, სადღესასწაულო დღეებში შეფერხების გარეშე იმგზავრონ.
თბილისი-ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით კი მატარებლები შემდეგი განრიგით იმოძრავებენ: თბილისი-ზუგდიდი – 08.50 საათი, 13.00 საათი, 23.05 საათი. ზუგდიდი-თბილისი - 09.55 საათი, 15.15 საათი და 22.00 საათი.
"საქართველოს რკინიგზის" პიარმენეჯერის განცხადებით, თბილისში მატარებლების ჩამოსვლის დრო მაქსიმალურად მორგებულია საქალაქო ტრანსპორტის სამუშაო საათებზე.
როგორც "საქართველოს რკინიგზაში" აცხადებენ, უცვლელი რჩება ბილეთების ფასი ცხრა სხვადასხვა კლასის ადგილებზე და მერყეობს 5-იდან 40 ლარამდე. ასევე, მოქმედებს სტუდენტური 50-პროცენტიანი ფასდაკლება ყველა ტიპის ადგილზე და 50-პროცენტიანი ფასდაკლება საერთო ვაგონებში იძულებით გადაადგილებული პირებისთვის.
მგზავრებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ როგორც "თბილისი ცენტრალის" სალაროებში, ასევე ინტერნეტის საშუალებით და სწრაფი გადახდის აპარატებიდან. მგზავრებს შეუძლიათ, საინფორმაციო სამსახურს დაუკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე: 13-31.
მასალის გამოყენების პირობები