ბათუმთან ახლოს, სოფელ განთიადში მიწისძვრამ რამდენიმე ოჯახი დააზარალა. ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. ბათუმშიწისძვრის დროს წუწუნავების სახლის ორი კედელი ჩამოინგრა, ხოლო ფარტენაძეების სახლს საძირკველი გამოეცალა და სახლი დანგრევის პირასაა. მიწისძვრის დროს ფარტენაძეების ათსულიანი ოჯახის ყველა წევრი სახლში იმყოფებოდა, თუმცა ნგრევის დაწყებამდე მათ სახლიდან გასვლა მოასწრეს. წუწუნავების ოჯახის ოთხივე წევრი კი აივანზე იმყოფებოდა და ასევე, არ დაზარალებულან.
სოფელ განთიადში კიდევ რამდენიმე სახლის კედლებია დაბზარული. ადგილზე აჭარის გარემოს დაცვის სამმართველოს წარმომადგენლები და გეოლოგები იმყოფებიან, რომლებიც მდგომარეობას შეისწავლიან. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე კი ციტრუსის რეალიზაციის საკითხთან დაკავშირებით თბილისში იმყოფება, ამიტომ განთიადში დაზარალებულებს ადგილზე მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი ირაკლი ჭეიშვილი მოინახულებს.
მიწისძვრის შედეგად ერთ-ერთ სახლს კედელი ჩამოინგრა ქობულეთშიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის ცნობით, მიწისძვრის შემდეგ საგანგებო სიტუაციების სამსახურში ჯერჯერობით მხოლოდ ეს შეტყობინებაა შესული. "სხვა შეტყობინებები ჯერ არ შემოსულა", - აღნიშნა ნინო გიორგობიანმა.
შეგახსენებთ საქართველოში 17:31 საათზე, 5,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი შავ ზღვაში, საქართველოს სანაპირო ზოლიდან 46 კილომეტრში მდებარეობდა.
მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ-ის სიღრმეზე დაფიქსირდა. რყევები განსაკუთრებით იგრძნობოდა დასავლეთ საქართველოში, აგრეთვე - თბილისშიც. აღსანიშნავია, რომ მიწისძვრის შემდეგ დასავლეთ საქართველოში შეფერხებულია სატელეფონო კავშირი.
საქართველოში განმეორებითი მიწისქვეშა ბიძგები სამჯერ დაფიქსირდა.
მასალის გამოყენების პირობები