ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, როლანდ ახალაია დღეს, პროკურატურაში დაკითხვაზეა დაბარებული. არსებული ინფორმაციით, იგი დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, დაკითხვაზე ახალაიას დაბარება სამეგრელოში პროკურორად მისი მუშაობის პერიოდს უკავშირდება. მისივე განმარტებით, კანონმდებლობა დეპუტატს, რომელიც დაკითხვაზე მოწმის სახითაა დაბარებული, გამოცხადებას ავადებულებს.
"დეტალებს, თუ რა შეკითხვებს დაუსვამენ მას და რასთან დაკავშირებით დაიკითხება, არ დავაკონკრეტებ. გეტყვით, რომ კანონის ფარგლებში ჩაბარდება მას უწყება და შეუძლია იყოლიოს ადვოკატი. დღევანდელი კანონმდებლობით დეპუტატს ევალება, როცა ის დაბარებულია დაკითხვაზე მოწმის სახით, გამოცხადდეს. მას კანონი ამისგან არ ათავისუფლებს. ახალაიას დაკითხვაზე დაბარება ეხება იმ პერიოდს, როცა ის პროკურორი იყო სამეგრელოში", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ როლანდ ახალაია კანონს დაიცავს, უწყებაში მივა და პროკურატურის ყველა შეკითხვას უპასუხებს.
მასალის გამოყენების პირობები